მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?94 2026.09.15
მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

მემკვიდრეობით მიღებული ვალები: გადადის თუ არა გარდაცვლილის ვალდებულებები მემკვიდრეზე?

მემკვიდრეობითი სამართალი სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი აწყდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. გავრცელებული შეხედულებით, მემკვიდრეობა მხოლოდ ქონების, ბინის ან საბანკო დანაზოგის მიღებასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ის ხშირად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ფინანსურ ვალდებულებებსაც მოიცავს.

განვიხილოთ, თუ როგორ ხდება სამკვიდროს გადასვლა და რა ფარგლებში აგებს პასუხს მემკვიდრე დატოვებულ ვალებზე.

 

სამკვიდროს გადასვლის საფუძვლები

სამკვიდროს გადასვლა ხორციელდება ორი გზით: ანდერძით ან კანონით.

მემკვიდრეობა ანდერძით

უპირველეს ყოვლისა, მოწმდება, დატოვა თუ არა პირმა ანდერძი. თუ ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ქონება ნაწილდება ზუსტად ისე, როგორც ეს მამკვიდრებელმა საკუთარ ანდერძში განსაზღვრა.

მემკვიდრეობა კანონით

იმ შემთხვევაში, თუ პირს ანდერძი არ დაუტოვებია, ან თუ ანდერძი მოიცავს ქონების მხოლოდ ნაწილს, იხსნება მემკვიდრეობა კანონით.

 

კანონით I რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები (მათ შორის, შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა), მეუღლე და მშობლები. თუ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ (ან მათ უარი თქვეს სამკვიდროზე), სამკვიდრო გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე (დები, ძმები) და ა.შ.

 

რა შედის სამკვიდრო ქონებაში?

სამკვიდრო ქონება (სამკვიდრო მასა) მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებებს (აქტივს), ისე ქონებრივ მოვალეობებს (პასივს), რომლებიც მას ეკუთვნოდა სიკვდილის მომენტისათვის:

აქტივი: უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, წილები ბიზნესში, მოთხოვნის უფლებები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები.

 

პასივი: სესხები, კრედიტები, სახელშეკრულებო ვალდებულებები და სხვა ფინანსური დავალიანებები.

 

(შენიშვნა: სამკვიდროში არ შედის ისეთი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც განუყოფლადაა დაკავშირებული პირადად მამკვიდრებლის პიროვნებასთან - მაგალითად, ალიმენტის გადახდის ვალდებულება ან ჯანმრთელობის დაზიანების გამო სარჩოს მიღების უფლება).

 

მამკვიდრებლის ვალები

საქართველოს კანონმდებლობით, მემკვიდრეს არ შეუძლია მიიღოს მხოლოდ უფლებები (სიკეთეები) და უარი თქვას მოვალეობებზე (ვალებზე). სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთლიანი სამკვიდროს მიღებას. შესაბამისად, თუ მიიღებთ აქტივს, იღებთ პასივსაც.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა მიღებული ქონების ფარგლებში

მემკვიდრე მამკვიდრებლის ვალებზე პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივად მიღებული სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრეს საკუთარი ჯიბიდან/პირადი ქონებიდან ვალის გადახდა არ ეკისრება.

 

მაგალითი:
თუ მამკვიდრებლის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენდა 10 000 ლარს, ხოლო მემკვიდრემ მიიღო 6 000 ლარის ღირებულების ქონება (მაგალითად, ავტომობილი), კრედიტორს (ბანკს) უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 6 000 ლარის დაკმაყოფილება. დარჩენილი 4 000 ლარის გამო მემკვიდრის პირად ანგარიშებსა თუ ქონებას საფრთხე არ ემუქრება.

 

სამემკვიდრეო საქმეები და კრედიტორებთან ურთიერთობა ხშირად დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან და ხანდაზმულობის ვადებთან.

გაქვთ კითხვები სამკვიდროს მიღებასთან ან მამკვიდრებლის ვალებთან დაკავშირებით?

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით.