რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?115 2025.09.10
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?

უდანაშაულობის პრეზუმფცია

რას გულისხმობს უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია?

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად:

ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების მთელი პროცესის განმავლობაში. უდანაშაულობის პრეზუმფცია ასევე ავალდებულებს სასამართლოსაც, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს, რადგან პირის ბრალეულობა დამტკიცებული უნდა იყოს ბრალდების მხარის მიერ და ყოველგვარი ეჭვი გადაწყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით:

სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა.

შესაბამისად, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

 

In dubio pro reo პრინციპი:

მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში.

აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჩენოდა. აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მაშინ უჩნდება, როდესაც მას შესაბამისი ეჭვი ფაქტობრივად გააჩნია.

ამდენად, ბრალის დამტკიცების გარეშე არავის შეიძლება დაედოს მსჯავრი.

ბარბერა ესპანეთის წინააღმდეგ

ევროსასამართლომ საქმეში „ბარბერა ესპანეთის წინააღმდეგ“ განაცხადა, რომ „უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს გააჩნია რამდენიმე ასპექტი. მთავარი ელემენტი შეეხება მტკიცების ტვირთს, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი აკისრია პროკურორს. განსასჯელს არ აკისრია ვალდებულება ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“.

სალაბიაკუ საფრანგეთის წინააღმდეგ

ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი წევრ სახელმწიფოებს არ უკრძალავს კანონმდებლობით დააწესონ ე.წ. „პასუხისმგებლობის პრეზუმფცია“ გონივრულ ფარგლებში. საქმეში „სალაბიაკუ საფრანგეთის წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებელი საფრანგეთის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს 10 კილოგრამი ჰეროინით სავსე ჩემოდნით, აცხადებდა, რომ მან არაფერი იცოდა ნარკოტიკების წარმომავლობის შესახებ.

 

საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, პირზე, რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკი, არსებობს „დამნაშავეობის პრეზუმფცია“, ვიდრე იგი საპირისპიროს არ დაამტკიცებს. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ „ფაქტის ან სამართლის პრეზუმფცია ყველა სამართლებრივ სისტემაში მოქმედებს.

 

პრინციპში, არც კონვენცია კრძალავს ამგვარ პრეზუმფციას. თუმცა, იგი მოითხოვს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან, რომ დაიცვან გარკვეული ფარგლები, რაც ითვალისწინებს სასწორზე დადებული ფასეულობის მნიშვნელობას და იცავს დაცვის უფლებებს. სასამართლომ აგრეთვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლომ ფაქტის პრეზუმფცია არა ავტომატურად, არამედ ყველა არსებული მტკიცებულების შეფასების საფუძველზე უნდა გამოიყენოს.

 

სტატიის ავტორი: ადვოკატი, ლევან მარეხიშვილი