სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე182 2025.11.19
სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე

სამკვიდროს მიღება

ვინ იღებს სამკვიდროს?

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით:

სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

გავიხსენოთ, მემკვიდრეობის რა სახეები არსებობს?

ჩვენი კანონმდებლობით, გარდაცვლილი პირის, იგივე მამკვიდრებლის ქონების გადასვლა სხვა პირებზე/მემკვიდრეებზე ხორციელდება 2 ფორმით - კანონით ან ანდერძით, ან კიდევ ორივე საფუძვლით.

კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს მაშინ, როცა:

• მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი,

• ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს,

• ან კიდევ თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, უმთავრესი საკითხია მემკვიდრეთა რიგის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსი მემკვიდრეთა ხუთ რიგს იცნობს:

I რიგი - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);

II რიგის მემკვიდრეები კი არიან გარდაცვლილის დები და ძმები;

III რიგი – ბებია და პაპა, ასევე, მათი დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიისა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად მაშინ ჩაითვლებიან, თუკი სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან;

IV რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ბიძები (დედის/მამის ძმა), დეიდები და მამიდები;

ხოლო V რიგის კანონით მემკვიდრეები არიან – მამკვიდრებლის ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, მათი არარსებობის შემთხვევაში - მათი შვილები.

 

სამკვიდროს მიღება

მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც:

იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ

ან

ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

უარი სამკვიდროს ნაწილზე

მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.

 

უარი სხვა პირთა სასარგებლოდ

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან.

არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.

 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

Law Office/იურიდიული კომპანია OK&CG.