დაცვის მხარის მტკიცებულებები და მის მიერ ჩატარებული კერძო გამოძიება1425 2021.07.03
დაცვის მხარის მტკიცებულებები და მის მიერ ჩატარებული კერძო გამოძიება

გამოძიება არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. გამომძიებელი - სახელმწიფო მოსამსახურე, ან მოხელე რომელიც ვალდებულია მისი უფლებამოსილების ფარგლებში ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.

გამოძიების დაწყება

სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების და რეგისტრაციისთანავე. მიუხედავად ამისა პრაქტიკაში განსხვავებული მიდგომაა, დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის რეგისტრაციის შემდეგ ხდება ჯერ მისი გადამოწმება, შეფასება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც გამომძიებელი ისე პროკურორი. გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს სამი სახის: გამოძიების დაწყება (იმ შემთხვევაში, როდესაც ნათლად ჩანს დანაშაული მიწოდებული ინფორმაციიდან); წინა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება (გადამოწმება თუ სადავო საკითხთან აქვთ საქმე); გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა (ეს ხდება მაშინ როცა მიწოდებული ინფორმაცია არ მიუთითებს დანაშაულზე). იგი შეიძლება სამართალდამცავმა ორგანომ მიღოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით ან სხვაგვარი საშუალებით, როგორიცაა ინტერნეტით გავრცელებული მასალა; სატელეფონო შეტყობინება; ოპერატიული წყაროდან მოწოდებული და სხვა. სისხლის სამართლებრივი დევნისგან განსხვავებით იგი არ წამოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას, პროკურორებს აქვთ ვალდებულება დაიწყონ გამოძიება. იგი მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით შესაბამის დანაშაულზე დადგენილ ხანდაზმულობის ვადას. გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას: №2/13/1468 „მადონა ძიძიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადვოკატს.

დაცვის მხარე და გამოძიების ჩატარების უფლება

ბრალდებულს აქვს უფლებამოსილება დამოუკიდებლად ან ადვოკატის დახმარებით ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს, გამოითხოვოს და მიიღოს ის მტკიცებულებები რომლებიც კანონით დადგენილი წესით საჭიროა ბრალდების უარყოფისათვის. შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თავისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში, რომლის დროსაც ასევე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დასწრება. მიუხედავად ამისა, რომ დაცვის მხარეს გამოძიების ჩატარების უფლება აქვს საწყისი ეტაპიდან, ძირითადად ამ მხარის ჩართვა ხდება მას შემდეგ, რაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, მანამდე კი, ფაქტობრივად ყურადღების მიღმა რჩება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოძიების ჩატარება დაცვის მხარის სურვილით საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ხშირ შემთხვევაში ბრალდებულს უკარგავს შესაძლებლობას, სრულად და ყოველმხრივ იქნეს მისი საქმე გამოძიებული. მართალია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებულია, რომ დაცვის მხარეს შეუძლია ჩაატაროს პარალელური გამოძიება ბრალდების მხარის თანაბრად, მაგრამ სინამდვილეში ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ შეუძლია (მაგ. კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები).

 

გამოძიების შეწყვეტა

გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; იგი არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონით; თუ არსებობს პროკურორის დადგენილება შეწყვეტის შესახებ; გასულია კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა; კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი ან აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას; გამოცემულია ამნისტიის აქტი რომელიც პირს ათავისუფლებს სასჯელისა და ჩადენილი ქმედების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. გამოძიების შეწყვეტა ასევე შეიძლება იყოს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინების მოქმედების ვადის გაუქმების საფუძველი.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას: #99აპ-09 „სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: წინასწარი გამოძიება; კერძო გამოძიება; ითანამშრომლე გამოძიებასთან;