პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო301 2025.07.25
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS პირადი ცხოვრების საიდუმლო

რა განსხვავებაა მათ შორის?

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დოკუმენტებითაც. ეს უფლება არის ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მისი ხელყოფა ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ და მორალურ ზიანს.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვა, რომელსაც ხშირ შემთხვევებში აიგივებენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით მათ შორის დიდი განსხვავებაა.

 

პირადი ცხოვრება VS პირადი ცხოვრების საიდუმლო

პირადი ცხოვრება მოიაზრებს პირადი სივრცისა და პირადი ურთიერთობების ქონის უფლებას, ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლო გულისხმობს აღნიშნულ სივრცესთან და ურთიერთობებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცულობას და გაუმჟღავნებლობას ნებართვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცულობას ეხება ოთხი ძირითადი მუხლი:

  • სსკ-ის 157-ე მუხლი (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა);
  • სსკ-ის 157' მუხლი (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა);
  • სსკ-ის 158-ე მუხლი (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა);
  • სსკ-ის 159-ე მუხლი (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა).

 

2016 წელს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა სსკ-ის 157' მუხლი:

„სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია პირადი ცხოვრების ხელყოფის მაქსიმალური პრევენცია, რომელსაც მხოლოდ სსკ-ის 157-ე მუხლი ვერ უმკლავდება.

 

აღნიშნული მუხლით გარდა იმისა, რომ სასჯელი გაიზარდა, ასევე ქმედების შემადგენლობაში არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტული შედეგის (მნიშვნელოვანი ზიანი) დადგომის აუცილებლობა, რითაც ხაზი გაესვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვის მომეტებულ ინტერესს, პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციასთან შედარებით.

 

პირადი ცხოვრების საიდუმლო

საქართველოს სსკ-ის 157' მუხლის მიზნებისთვის პირადი ცხოვრების საიდუმლო არის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, იგი ასახავს პირის ცხოვრების ნამდვილ ეპიზოდს/მოვლენას, რომელიც ხელშეუხებელია, დაფარული და გასაიდუმლოებულია გარეშე პირთათვის და მის მიმართ ობიექტურად არსებობს საიდუმლოს დაცვის მომეტებული ინტერესი.

 

სწორედ ამ მიზეზთა გამო, 2016 წლის 03 ივნისს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 157' მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აღარ არის საჭირო მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ეს უკანასკნელი თავისთავად ნაგულისხმევია.

 

ნებაყოფლობით გავრცელება

აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლებისთვის აუცილებელი კომპონენტია თანხმობის ელემენტი, რომელიც საკვანძო როლს არსულებს ამგვარი ქმედებების კრიმინალიზაციისას.

კერძოდ, თუკი პიროვნებამ ნებაყოფლობით გაავრცელა მეორე პირთან საკუთარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია (მაგალითად, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი/ვიდეო), თუმცა ამასთან, მოითხოვს რომ აღნიშნული მასალა არ იქნას შესახული ან/და გამოყენებული ადრესატის მიერ, აქ ცალსახაა, რომ თანხმობის ელემენტი გამოირიცხება, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს პიროვნების შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებ(ებ)ისა.

 

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პირადი ცხოვრების საიდუმლო, წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას პიროვნების შესახებ, რომელსაც თავად ეს პიროვნება განიხილავს საკუთარი კონფიდენციალურობის საფუძვლად, რის გამოც არსებობს მისი საზოგადოებისგან დაცვის მომეტებული ინტერესი.

 

სწორედ აღნიშნულის გამო, პირადი ცხოვრების დაცულობის მნიშვნელობას კანონმდებელი მკაფიოდ უსვამს ხაზს, როდესაც მისი სხვადასხვა ფორმით ხელყოფის შემთხვევაში, ახდენს ამგვარი ქმედებების კრიმინალიზებას, რაც როგორც უკვე აღინიშნა განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით.

სტატიის ავტორი: ადვოკატი, ლევან მარეხიშვილი