რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა1894 2020.07.23
რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

„წამლის გამსაღებელი ექიმები - დაფარული პრობლემა, რომლის არსებობაც ყველამ იცის“ - ამ სათაურით  რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამ  გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილ ერთ-ერთ პრობლემას ვეცნობით.

 ალბათ ბევრს საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ, როდესაც ექიმის  კაბინეტიდან გამოსულს ხელში მედიკამენტების გრძელი ჩამონათვალი გჭერიათ. ან თუ მიუთითებია ექიმს, რომ კონკრეტულად იმ ფირმის მედიკამენტი უნდა გეყიდათ, რომელზეც თავად მიგითითებდათ? და თუ არ გამოგიცდიათ, გსმენიათ მაინც ამ პრაქტიკის შესახებ. როდესაც პაციენტი ხარ, რთულია, აღმოაჩინო, ჰქონდა თუ არა ექიმს რაიმე პირადი ინტერესი მედიკამენტების დანიშვნის დროს, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, შესაძლოა, ესეც დაადგინოთ; ამაზე ოდნავ მოგვიანებით...

  როგორც სტატიიდან ვიგებთ, ზემოხსენებული მავნე პრაქტიკის შესახებ თავად ექიმების ნაწილი ალაპარაკდა; მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება პაციენტების უფლებებს ლახავს და რაც შეიძლება, მალე უნდა აღმოიფხვრას. 

„ექიმმა წამლის გამოწერაში პროცენტი არ უნდა აიღოს. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს სიმახინჯე, რაც იწვევს წამლებისა და სხვა “არა-წამლების” პანტა-პუნტით დანიშვნას“,  - ეს ნაწყვეტია ექიმი გასტროენტეროლოგის, ჯაბა ზარქუას საჯარო ფეისბუკ პოსტიდან, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დაწერა და თქვა, რომ ამაზე საუბარი „სუსტად და ხმადაბლა“, მაგრამ თავად ექიმებს შორისაც ნელ-ნელა იწყება.

 როგორ მოქმედებს ეს სქემა? 

 რა თქმა უნდა, ოფიციალურად ამის დადასტურებისგან ყველა თავს შეიკავებს, მაგრამ რადგანაც ექიმების ნაწილიც საუბრობს ამაზე, უფლებას ვიტოვებთ, ჩვენც ვისაუბროთ ამ სქემის შესახებ. საქმე ისაა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის ერთგვარი გარიგება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ექიმი პაციენტს უწერს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტს, რაშიც კონკრეტულ სარგებელს ექიმიც იღებს.

საინტერესოა, არღვევენ თუ არა ზემოხსენებული ექიმები პაციენტების უფლებებს ამ ქმედებით? 

 პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი და საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი კონკრეტულად ამ საკითხს არ არეგულირებს; ანუ დაკონკრეტებული ნორმატიული აქტი ჩანაწერში არ გვხვდება, თუმცა, როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს,  „შესაძლოა, კანონში პირდაპირ არ ეწეროს, რომ ექიმს ზემოხსენებული ქმედება  ეკრძალება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექიმი ვალდებულია, დასვას ზუსტი დიაგნოზი და გასცეს ადეკვატური დანიშნულება მედიკამენტის სახით.“

 კომპანია „OK&CG“-ში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან პრობლემა აქტუალურია, მის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომაც უნდა მიიღოს კონკრეტული მაკონტროლებელი ზომები. იმის გამო, რომ ექიმები ფინანსური გამორჩენის მიზნით ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებებს დებენ, რისკი იმისა, რომ პაციენტთა უფლებები დაირღვეს, საკმაოდ მაღალია. ყველა მედიკამენტი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სასარგებლოა, აქვს რიგი უკუჩვენებები, რომლებიც ვნებს ჯანმრთელობას, სწორედ ამიტომ, მედიკამენტების ადეკვატურად დანიშვნა მნიშვნელოვანია პაციენტის უფლებების დასაცავად.