შეწყალება2001 2012.10.18
შეწყალება
შეწყალება ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტი, რომელიც ხორციელდება, განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს, როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ასევე შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. შეწყალებას ხშირად “კერძო ამნისტიას” უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას. მსჯავრდებულისადმი შეწყალების გამოყენების საკითხის დასმის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ თავის დამნაშავედ ცნობა, ჩადენილი დანაშაულის მონანიება და შეწყალების პირადი თხოვნა. თუ მსჯავრდებული პირადად არ ითხოვს შეწყალებას, მაშინ, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების, პარლამენტარების, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეების, ორგანიზაციების მიერ აღძრული შუამდგომლობებისა, შეწყალების საკითხთა განყოფილებას არა აქვს საქმის მომზადებისა და კომისიაზე განსახილველად წარდგენის საფუძველი. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა. შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰუმანური აქტის გამოყენებამდე გულდასმით შეისწავლება ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავარი კი ის არის, რომ შეწყალება სახელმწიფოს მიერ ჰუმანურობის გამოხატულება და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა.