რა არის ლიზინგის ხელშეკრულება?1026 2023.12.11
რა არის ლიზინგის ხელშეკრულება?

ლიზინგის ხელშეკრულების ცნება

სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიხედვით:

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:

ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;

ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ლიზინგის ხელშეკრულების განმარტება

ლიზინგის ხელშეკრულება ერთ-ერთი გავრცელებული ხელშეკრულებაა. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და ხშირად ერევათ სხვა სახის ხელშეკრულებაში - ამის გამო კი ბევრ გაუგებრობას აწყდებიან.

ლიზინგის ხელშეკრულება წააგავს ნასყიდობის, ქირავნობის, მომსახურების ხელშეკრულებებს. მართალია, მათ საერთო ნიშნებიც აქვთ, მაგრამ რომელიმეს ქვესახედ არ განიხილება. ის არის ორმხრივად მავალდებულებელი და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რაც გულისხმობს, რომ ა) უფლება-ვალდებულება წარმოეშობა ორივე მხარეს და ბ) ხელშეკრულებისათვის განსაზღვრულია ფასი.
 

ლიზინგის ხელშეკრულებაში სამი სუბიექტია - ლიზინგის გამცემი, მიმწოდებელი და ლიზინგის მიმღები. ერთი მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის და, მეორე მხრივ, უშუალოდ ლიზინგის ხელშეკრულება ფორმდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის.
 

შინაარსიდან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ლიზინგის ხელშეკრულება რამდენიმე დოკუმენტისგან შედგებოდეს, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთიან ხელშეკრულებად განიხილება.
 

ლიზინგის საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება (უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე; ხოლო მოძრავი ნივთია ის, რაც არ არის უძრავი).

 

ლიზინგის ხელშეკრულებასთან მიმართებით ბევრი პრობლემური საკითხის გამოყოფა შეიძლება:

ქველიზინგთან, უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევასთან, მესაკუთრის ინტერესების დაცვასთან, ხელშეკრულების ვადასა და სხვა ასპექტებთან დაკავშირებით.
 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.