სამართლიანობა - შეფასებითი მოცემულობა თუ განსაზღვრული ცნება?1382 2022.02.23
სამართლიანობა - შეფასებითი მოცემულობა თუ განსაზღვრული ცნება?

 

იურისპრუდენცია ვითარდება, უამრავი სამართლებრივი მექანიზმი განიცდის ევოლუციას, იცვლება ადამიანთა ცნობიერებაც, ,,ადამიანის ბიოფსიქიკური ასიმეტრიულობა, მისი სისტემურად მაძიებელი ბუნება ახალ-ახალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, საზღვრავს სამართლის იდეის მუდმივ სიახლესა და ნოვატორულობას.’’ ადამიანია სამართლის შემოქმედი, შესაბამისად, ადამიანმა უნდა შეაფასოს ანდაც განსაზღვროს იგი. პლატონის მიერ ნათქვამია, რომ ,,ჭეშმარიტება კამათში იბადება’’.  და ვინ კამათობს, ვინ მსჯელობს? რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც იცვლება დროის შესაბამისად და ვიღებთ პოლემიკის განსხვავებულ შედეგებს: ,,ტაბუდადებული თემა ან ამორალურად მიჩნეული ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება არც იყოს მორალური გაკიცხვის ობიექტი’’. ეს ყოველივე იმის სადემონსტრაციოდ ითქვა, რომ სამართალი გამოირჩევა სოციალურობის მაღალი მაჩვენებლით, შესაბამისად, რთულია ვიპოვოთ გარკვეული დეფინიცია იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანობა. თუმცა ერთი რამ ცხადია, სამართლის განუყოფელი კომპონენტი, უფრო მეტიც, სამართლის სისტემისა და კულტურის განმსაზღვრელია სამართლიანობა, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ნოვატორულ მოცემულობას ანუ სამართალს უნდა მოერგოს. იურისპრუდენციის მკვლევარნი ცდილობენ სამართლიანობის დეფინიციის მოცემას, თუმცა უნდა გავიხსენოთ ნიცშე თავისი ნააზრევით: ,, შეიძლება მხოლოდ იმის დეფინიცია, რასაც ისტორია არ აქვს’’. ცხადია, სამართლიანობას უდიდესი ისტორია აქვს, ისევე როგორც სამართალს. შესაბამისად, ნიცშეს მიერ მოცემული ხედვით ვერ მოვუძებნით სამართლიანობას დეფინიციას, რამეთუ იგი ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობის კვალდაკვალ იბადებოდა, იხვეწებოდა და გადიოდა განვითარების გარკვეულ სტადიებს. ამ კონცეფციის ხსენებისას უთუოდ უნდა აღინიშნოს ოლაფ მუთჰორსტი თავისი შესანიშნავი იდეით: ,, სამართლის ისტორია კაცობრიობის ისტორიასთან ერთად იწყება’’. 

ამრიგად, სამართლიანობა შეფასებითი მოცემულობაა, არ უნდა მივიჩნიოთ იგი განსაზღვრულ ცნებად, რადგანაც ადამიანზეა დამოკიდებული, თუ რას მიიჩნევს იგი სამართლიანად. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება სამართლის სამყაროში - უპირველესი კითხვა, რომელსაც პასუხს დღემდე ვერ მოვუძებნით, იურისპრუდენციას შეეხება - და მაინც არის თუ არა იურისპრუდენცია მეცნიერება? მეცნიერება ჭეშმარიტებას ეძიებს, ეს მისი უზოგადესი მიზანია, თუმცა იურისპრუდენცია რას იკვლევს? განა, არსებობს მისთვის ერთადერთი იმანენტური ჭეშმარიტება? რა თქმა უნდა, არა. უფრო მეტიც -  არსებობს ,,ძალზე ბევრი ჭეშმარიტი პასუხი, რომელთაგან უკეთესს, შესაბამისს’’ იურისპრუდენცია არჩევს. რომელია უკეთესი ჭეშმარიტება? ჩემთვის პირადად უკეთესი ჭეშმარიტება სამართლიანი სამართალია. 

მართალ სამართალს დანახვა სჭირდება, თუმცა ამას ზოგიერთი თვალახვეულიც ახერხებს. ცხადია, ამ შემთხვევაში საუბარი სამართლისა და მართლმსაჯულების ქალღმერთებზე გვაქვს. თემიდასა და იუსტიციას - ბერძნულ-რომაული მითოსის  

წარმომადგენლებს სხვადასხვა ნიშანი აქვთ შეთავსებული სამართლიანობის გაგებისა. ერთი შეხედვით პრიმიტიულ მაგალითშიც კი იკვეთება სამართლიანობა, როგორც შეფასებითი მოცემულობა, აბსტრაქტული კატეგორია. თემიდა - დიდი ზევსის მეორე მეუღლე, ევნომიას (კანონიერების), დიკეს (სამართლიანობის) და ეირენეს (მშვიდობის) მშობელი დედაა. ბერძნები დიდ პატივს სცემდნენ ფართოდ თვალებგახელილ თემიდას, რომელსაც სასამართლო გარჩევებისას ყოველივე დეტალზე დაკვირვების, სიმართლის კარგად დანახვის სადემონსტრაციოდ თვალები უნდა ჰქონოდა ფართოდ გახელილი.  მას სამართლიანობა უნდა აღესრულებინა და ამისთვის ჰქონდა მახვილი - ძალაუფლების სიმბოლო, მეორე ხელში კი სასწორი, რათა ყოველი დეტალი თუ გარემოება აეწონ-დაეწონა. ბერძნებმა თემიდას პროტოტიპით სამართლიანობის გაგების მრავალმხრივი ასპექტი შემოგვთავაზეს - თვალები გაფაციცებული უნდა ჰქონდეს მსაჯულს, რათა ყოფილიყო იგი სიმართლის კარგად დამნახველი. მსაჯულს უნდა ჰქონოდა ძალაუფლება მახვილის სახით და ასე აღესრულებინა მართალი სამართალი. ერთი შეხედვით შეგვიძლია გარკვეული მახასიათებლები მოვუძებნოთ სამართლიანობას და იმედიც ჩნდება, რომ თემიდას მოდელის გათვალისწინებით სამართლიანობას ძირითადი ნიშნები მოვუძებნეთ, თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომაელი ქალღმერთი - სამართლიანობის ღვთაება იუსტიცია, რომელიც თვალებახვეულია წარმოდგენილი. ვერც ბერძნები და რომაელები შეთანხმდნენ სამართლიანობის პერსონიფიკაციაზე. იუსტიცია თვალებახვეულია, რომაელთათვის სამართლიანობა უნდა დაბრმავდეს სიმდიდრის, მატერიალიზმის, ძალაუფლებისა და სხვა სოციალური სტატუსის წინაშე. თუმცა ბერძენი თემიდა თვალებს ფართოდ ახელს, ცდილობს არცერთი დეტალი არ გამოტოვოს თვალთა ხედვიდან და შეძლოს ყოველი გარემოების სასწორზე განთავსება, რათა გაზომოს სიკეთე და ბოროტება, ბრალეულობა და უდანაშაულობა. ასეთია თემიდასა და იუსტიციის, როგორც სამართლიანობის იდეალის  პერსონიფიკაციის მცდელობა. ცხადია, ამ მცდელობაშიც უთუოდ ვერ მოიძებნა ერთი გარკვეული ცნება, რომლითაც შეიძლებოდა სამართლიანობის იდეალის გადმოცემა. ამიტომაც ჭეშმარიტად მივიჩნევთ სამართლიანობას, როგორც შეფასებით მოცემულობას. სამართალი დღემდე მოქმედებს და სამართალი მოქმედებდა, როგორც ბერძნებისთვის, ასევე რომაელთათვის, თუმცა მათი მხრიდან სხვადასხვა ნიშანი გაჩნდა სამართლიანობის იდეასთან მიმართებით. სამართალი ჰქმნის მართლწესრიგს, რომელშიც ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ადამიანებს გააჩნიათ თავიანთი საზოგადოება. როგორც რომაულ, ასევე ბერძნულ საზოგადოებას საკუთარი იდენტობა, საკუთარი იურიდიულად ღირებული ორიენტაცია გააჩნდათ და, შესაბამისად, აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ სამართლის იმანენტურ  კომპონენტსაც კი ვერ განვსაზღვრავთ, რადგანაც ის უთუოდ არის შეფასებითი კატეგორია, რომელიც ადამიანთა ურთიერთობების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. ეს ურთიერთობები კი ,,სუბიექტის შემეცნების პროცესსა და მოქმედების რამდენიმე ეტაპს მოიცავს’’. სუბიექტმა საკუთარი თავი უნდა აღმოაჩინოს, იმოქმედოს და შექმნას საზოგადოება, რომელიც სამართლიანობას უთუოდ დაადგენს, შეაფასებს მას, თუმცა ეს ვერასდროს ვერ იქნება გლობალური, საყოველთაო და ერთიანი დეფინიციის მატარებელი. 

გვერდს ვერ ავუვლით ქართულ სამართლებრივ აზროვნებას, რომელშიც დროთა ცვლილების პარალელურად იკვეთებოდა სამართლიანობის გაგების განსხვავებული ხედვები. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს განვიხილავთ საკუთარი სამართლებრივი აზროვნებით, აუცილებელია დროის ფაქტორის ხსენება. დრო სოციალურობის ნაწილია, სამართალი და სამართლიანობა კი თავად არიან 

სოციალურობის კატეგორიის შემადგენელი ნაწილები.  დანაშაული ხდება, შესაბამისად, უნდა გადაიჭრას იგი, თუმცა ქართულმა სამართლებრივმა აზრმა განვლო ორი დიდი ეპოქა, სანამ პასუხისმგებლობის დაკისრებას სამართლიანად, მართალი სამართლით შეძლებდა. ესენია  ობიექტური შერაცხვისა და სუბიექტური შერაცხვის პერიოდები. უპრიანია საუბარი დავიწყოთ ობიექტური შერაცხვის პერიოდზე - ამ პრინციპის გათვალისწინებით საზოგადოება არ ინტერესდებოდა დამნაშავის სულიერი მდგომარეობით, არც ფსიქიკური კონდიციით. საზოგადოება უარყოფდა პიროვნებას, არაფრად იღებდა დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და არც შედეგისადმი მის რეაქციას. ორიოდე სიტყვით რომ ითქვას, ობიექტური შერაცხვის პრინციპი უარყოფს პიროვნებას. საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ აინტერესებდა შედეგი, ზარალი, რომელსაც სჭირდებოდა ანაზღაურება - საზოგადოებას აინტერესებდა ,,მართალი’’ სამართალი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო, თუმცა ეს პრინციპი მათ აშორებდათ სამართლიანობის არსისგან. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის არსის წვდომა გაგვიმარტივდება მისი ობიექტური შერაცხვის პრინციპთან შეპირისიპირებით. თუკი ობიექტური შერაცხვის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირად მიიჩნევდა შედეგს, სუბიექტური შერაცხვის პრინციპისთვის პასუხისმგებლობა რომ დამდაგრიყო,  შედეგი არ იყო სრულებით საკმარისი. საჭირო იყო დამნაშავის პიროვნულობის, ქმედების შინაგანი მოტივისა და სულიერი მდგომარეობის გარკვევა, როგორც ქმედებამდე, ასევე ქმედების ჩადენის შემდეგ. სამართლიანობის იდეალთან ცხადია, სუბიექტური შერაცხვის პრინციპი დგას ახლოს, თუმცა ობიექტური შერაცხვის პრინციპის პერიოდში სამართლიანობად იმდროინდელი საზოგადოებისთვის არსებული ჭეშმარიტება იყო მიჩნეული. დროის მსვლელობასთან და ადამიანთა ცნობიერების ევოლუციასთან ერთად სამართლის იმანენტური იდეალიზმი - სამართლიანობაც შეიცვალა, რამაც დიდი კვალი დაამჩნია ქართული სამართლებრივი აზრის განვითარებასაც. 

პირადად ჩემთვის ძალზე დამაფიქრებელია სამართლიანობის იდეალის წვდომასთან სამართლის ანთროპოლოგიურ-პერსონალური ფუნქციის შეკავშირება. სტატიაში არაერთხელ ვახსენეთ ადამიანი, ადამიანთა მიერ შექმნილი საზოგადოება და ამ საზოგადოებაში აღმოცენებული ურთიერთობები, რომელსაც დარეგულირება სჭირდება. არსებობს უამრავი კოდექსი, კანონი, განაწესი - სამართალი მთლიანად ნორმატიზირებულია. ცხადია, სამართლის ნორმატიულობა უმნიშვნელოვანესია თანამედროვეობაში, რამეთუ ,,სამართლის ნორმატიული ბუნება მართალი სამართლის არსებობას გულისხმობს.’’  ერთგვარად ჩარჩოებში მოექცა სამართალი და განისაზღვრა სამართლიანობა ნორმატიულობის თვალსაზრისით, თუმცა ამ ,,იდილიას’’ ფრანგი პოეტის, ჟაკ პრევერის პოეტური შემოქმედების ერთი პატარა ლექსი - ‘’La Grasse Matinée’’ დაარღვევს. სამართალისა და სამართლიანობის გარკვეულ ასპექტებს ხომ ,,ადამიანის არსება და მისი ეგზისტენციალური მოთხოვნილებები’’ განსაზღვრავს. ნებისმიერი სახის ძალადობისა და უსამართლობის მოწინააღმდეგე ჟაკ პრევერი ამ ლექსით XX საუკუნის ეპოქის მკაფიო სახეს გვიჩვენებს. ლექსში დინამიურად იკვეთება მშიერი ადამიანი, რომელსაც არ ასვენებს თავში საშინელი ხმაური, ჩაესმის მოხარშული კვერცხის ტეხის ხმა და ნელ-ნელა ხვდება, რომ შიმშილისგან გიჟდება. სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე, მაშინ როცა პარიზის ქუჩის ვიტრინები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა მიუწვდომელია, 

დაცულია სამართლის მიერ. სულ რაღაც ორიოდე ფრანკი იყო საჭირო მისთვის, შიმშილმა აიძულა მას მოეკლა მეტად დაფასებული პიროვნება, გამოეჭრა მისთვის ყელი ხსენებული ორიოდე ფრანკისთვის და ამ სისხლიანი ფულით შეეძინა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭმელი. მასლოუს პირამიდის პირველი საფეხური გზას უკვალავს ადამიანთა ეგზისტენციალიზმის მოთხოვნილებების სრულყოფას. ჟაკ პრევერის გმირი აბნევს მკითხველს - რა არის ამ შემთხვევაში მართალი სამართალი? როგორ შეიძლება გამოვიტანოთ ვერდიქტი? უნდა ვეძებოთ პიროვნების ნება, ეპოქის იმპულსების გავლენა თუ უბრალოდ აღსრულდეს ნორმატიული სამართალი? რა დგას მკვლელობის უკან? ეს ხომ ძალიან ყოველდღიურია, საზოგადოება არ არის ამ პრობლემისგან დისტანცირებული. ცხადია, მრავალი ჭეშმარიტება შეიძლება ვეძებოთ, დავინახოთ მშიერ ადამიანთა მიღმა არსებული სამართალი, როგორც უსამართლო იდეალი, თუმცა საზოგადოებას ხომ სამართლებრივი უსაფრთხოება სჭირდება, ეს ხომ პოზიტიური სამართლის ვალდებულებაა?! კვლავ ჩიხში შედის სამართლიანობის ცნების განსაზღვრა მორალთან მიმართებით და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სამართლიანობა შეფასებითი კატეგორიაა აბსტრაქტულობის მაღალი მაჩვენებლით. 

ორიოდე სიტყვით, სამართლიანობა ნამდვილად არის შეფასებითი მოცემულობა. მას ვერ მივანიჭებთ განსაზღვრულ ცნებას. სტატიის მიზანი რაიმე კონკრეტული დეფინიციის პოვნა არ ყოფილა და რეალურად ვერც იქნებოდა. სტატია მიზნად ისახავდა მკითხველის მიერ სამართლიანობის იდეალის შეფასებით კატეგორიად აღქმას, მკითხველის დაფიქრებას სამართლიანობის ასპექტებზე და გარკვეული თვალთახედვის გადმოცემას სამართალის იმანენტურ კომპონენტზე, რასაც სამართლიანობის სახელით ვიცნობთ. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. გ. ნანეიშვილი, სამართლის ფილოსოფიის საკითხები, თბ., 192,  (რ. რიჟამაძე, რა არის მართალი სამართალი, სამართალი, №6, 2001 )

  2. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბილისი, 2015 წელი. 

  3. ო. მუთჰორსტი, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, თბილისი, 2019 წელი. 

  4. დ. გეგენევა, სურგულაძისა და ნანეიშვილის პოლემიკა, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, თბილისი, 2012.

  5. მეტრეველი, ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბილისი, 2016 წელი.

ინტერნეტ-რესურსები: 

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Themis

  2. https://en.wikipedia.org/wiki/Lady_Justice.; 

  3. https://interlettre.com/bac/682-la-grasse-matinee-de-jacques-prevert-texte-et-analyse.

  4.  

  ავტორი: ნიკა ტეფნაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე