ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ეტაპები საქართველოში2061 2022.02.16
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ეტაპები საქართველოში

თანამედროვე სახელმწიფოების მმართველობაში ადგილობრივი თვითმმართველობა მიიჩნევა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად, რომლის საფუძვლები განმტკიცებულია კონსტიტუციით. იგი ასევე განიხილება, როგორც ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ვინაიდან ის მიიჩნევა სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების არსებით მახასიათებლად. 

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე გავლენას ახდენს ადგილობრივი ტრადიციები. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახვეწისა და განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვეულებების ჩამოყალიბება და გამოცდილების დაგროვება. 

ადგილობრივი თვითმმართველობა დაფუძნებულია მოსახლეობის ჩართულობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი წარმოადგენს ერთგვარ ,,ხელშეკრულებას“ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ორმხრივი უფლებებითა და ვალდებულებებით. ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებულად წარმოაჩენს მოსახლეობასა და ხელისუფლების ურთიერთკავშირს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება

ადგილობრივი თვითმმართველობა გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და მოვალეობას, მიიღოს მონაწილეობა იმგვარი საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უშუალოდ მასა და მის საცხოვრებელ სივრცეს შეეხება. ამ ინსტიტუტის საშუალებით შესაძლებელია ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებლებმა თავად, ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, მოაწესრიგონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. 

ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის, ერთი მხრივ, მოქალაქეებს ანიჭებს ქვეყნის მართვის შესაძლებლობას და საშუალებას, იზრუნონ და გადაწყვიტონ მათი საცხოვრებელი არეალისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და მეორე მხრივ, განამტკიცებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და მათ ინტერესებსა და საჭიროებებთან.  

ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მართვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. განსაზღვრულია მისი ძირითადი ფუნქციები:

- საჯარო მომსახურების გაწევა ადგილზე, რაც მოიაზრებს ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებას საჯარო მომსახურების გაწევის გზით.

- მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ხსენებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებას უკავშირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და არსებული რესურსებით მდგომარეობის გაუმჯობესება. მდგრადი განვითარების კონცეფცია მოიაზრებს ეკონომიკური ზრდის იმგვარ ფორმას, რომელიც საზოგადოებრივ კეთილდღეობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი განვითარება მოიაზრებს ხანგრძლივ ეკონომიკურ წინსვლას და გრძელვადიან კეთილდღეობას. 

- სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას იმგვარად, რომ მოსახლეობის ინტერესების დაცვა მოხდეს მათთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების საფუძველზე. 

ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მოწესრიგება

საქართველოს კონსტიტუციით ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია განმტკიცებულია, როგორც მმართველობის დემოკრატიული სისტემისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი. კონსტიტუციის მითითებით (მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი), ორგანული კანონით წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებისა და საქმიანობის საკითხები. გასული საუკუნის ბოლოს, 1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ.“

ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებას შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც  ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეებთან 

მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს საზოგადოებრივ და პოლიტიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასთან. ისტორიულად, თვითმმართველობის ელემენტები პირველად მონათმფლობელური სახელმწიფოებში გაჩნდა. ძველი შუმერების შემთხვევაში, ქალაქების მმართველს ქალაქის თავი წარმოადგენდა, რომელიც აირჩეოდა და შემდგომ კონტროლდებოდა უხუცესთა საბჭოს მიერ. 

ასევე საინტერესოა, რომ მეფე ჰამურაბის ,,კანონთა კრებულში’’, ჩანს, რომ მმართველობის სისტემაში  გარდა სახელმწიფო მმართველობისა, არსებობდა ადგილობრივი სათემო გაერთიანებებიც, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი სატაძრო და სათემო მიწები. 

ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დამახასიათებელი ნიშნები იკვეთება ეგვიპტის შემთხვევაში. სახელმწიფო ტერიტორია ორმოც ოლქად (ნომად) იყო დაყოფილი და თითოეული მათგანის სათავეში უმაღლესი ხელისუფლის მიერ დანიშნული დიდგვაროვანი მოხელე (ნომარქი) ედგა. იგი აგვარებდა ისეთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც იყო გადასახადების აკრეფა, ობიექტების აღრიცხვა, ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემების შემოწმება და სხვ. აგრეთვე ეგვიპტეში არსებობდა სათემო საბჭოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იყო ქონებრივი დავების განხილვასთან. 

მსგავსი ინსტიტუტი არსებობდა ძველი რომის სახელმწიფოში, რომლის მიერ დაპყრობილი ტერიტორია დაყოფილი იყო პროვინციებად, ხოლო მათ მართვას ახორციელებდა ხელისუფლის მიერ დანიშნული პირები.  იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გატარებული რეფორმის შემდეგ იტალიასა და სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე 120 პროვინცია ჩამოყალიბდა, რომლებიც, თავის მხრივ, 12 დიოცეზად ერთიანდებოდა. მმართველობითი სისტემის ქვედა დონეს წარმოადგენდა ქალაქი, რომელიც თვითმმართველობის მრავალფეროვანი უფლებამოსილებით სარგებლობდა. საქალაქო მმართველობის თანამდებობაზე არჩეულ პირებს ევალებოდათ ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება, ფულადი სახსრების შეგროვება და სხვ.

რაც შეეხება შუა საუკუნეებს, ამ პერიოდში შედარებით განვითარდა და დაიხვეწა თვითმმართველი და პრივილეგირებული ქალაქების მნიშვნელობა და, შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა მეტად აქტუალური გახდა. 

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში - ისტორიული ასპექტები

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ნიშნები პირველად ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება, როდესაც მეფე ფარნავაზის მიერ მოხდა ქვეყნის 8 საერისთავოდ და ცენტრალურ რეგიონად დაყოფა. აღნიშნული ტერიტორიული მოწესრიგება შენარჩუნდა ბაგრატიონთა დინასტიის მიერ საქართველოს გაერთიანების პერიოდამდე. 

VIII-IX საუკუნეებში თბილისში ჩამოყალიბდა ვაჭარ-ხელოსანთა თვითმმართველობა, რომელსაც სათავეში ქალაქის უხუცესები ედგნენ და უზრუნველყოფდნენ, მოსახლეობის სურსათით მომარაგებასა და ქალაქის მცველი რაზმის მეთაურობას. 

ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, ,,ტფილელი ბერნი’’ XI ს.-ში წარმოადგენდნენ საქალაქო თვითმმართველობისათვის დამახასიათებელი ფუნქციებით აღჭურვილ პირებს. ,,ბერნი’’ ძველ ქართულში აღნიშნავდა ,,უხუცესს’’. წყაროების მიხედვით, ეს ადამიანები იყვნენ კეთილშობილთა ჯგუფის წევრები, ქალაქის მმართველები, რომლებსაც ჰქონდათ მოსახლეობისაგან მიღებული უფლება, ეზრუნათ ადგილობრივთა საჭიროებებზე. ამიტომ იყვნენ ისინი ,,ქალაქის ხალხად’’ წოდებულნი.

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, როცა თბილისში საქალაქო თვითმმართველობა სავსებით ჩამოყალიბებული სახით არსებობდა, ინგლისისა და გერმანიის ქალაქების უმეტესობა დამოკიდებულ, არათავისუფალ ქალაქს წარმოადგენდა.   

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან თბილისი დამოუკიდებლობას მოიპოვებს და ქალაქის მმართველობა ხორციელდება ადგილობრივი, დამოუკიდებელი კომუნის მეშვეობით. მანამდე თუ ქალაქის მმართველობას ინაწილებდნენ ქალაქის ბატონი, მფლობელი და ქალაქის თვითმმართველობა, ზემოხსენებულ პერიოდში უკვე თვითმმართველობა კონცენტრირებული იყო ,,უხუცესთა საბჭოს’’, ე.ი. ,,ტფილისელ ბერთა’’ ხელში. ამ დროს არ არსებობდა ქალაქის გამგებლის, იგივე მერის, ცალკე არჩევითი ხელისუფლება. განსხვავებით ევროპული სახელმწიფოებისაგან, სადაც ქალაქის მერი ცალკე აირჩეოდა. თბილისი შემთხვევაში კი, ქალაქის გამგებელი საბჭოს წევრთაგან აირჩეოდა დროებით. 

ქალაქის უხუცესების მოვალეობას წარმოადგენდა მოსახლეობის სურსათ-სანოვაგეზე ზრუნვა, ქალაქის მონეტის მოჭრა, საქალაქო გადასახადების აკრეფა. ასევე ისინი აწესრიგებდნენ საკანონმდებლო და სამართალწარმოების საკითხებს.  

საქალაქო საბჭოები და ,,ქალაქის მთავრები’’ საგანგებო ნაგებობაში - ,,დარბაზში’’, რომელიც დღევანდელ საკრებულოს უთანაბრდება, მართავდნენ შეკრებებს, რომელიც შეეხებოდა და წყვეტდა ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებს.   ხსენებული ინსტიტუტი გაუქმდა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების შემდეგ, მონარქის მიერ დამყარდა ცენტრალიზებული მმართველობა. 

რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში

რაც შეეხება შედარებით გვიანდელ პერიოდს, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიის მიერ მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა, თბილისში გაჩნდა თვითმმართველობა და მეფისნაცვლის ინსტიტუტი. 1824-25 წლებში აშენდა ,,საქალაქო სახლი.’’ 1840 წლიდან დედაქალაქს ქალაქის თავები მართავდნენ. 1917 წლამდე თბილისში ერთმანეთს 47 მერი ჩაენაცვლა. 

თბილისის მართვის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ვ. გოლოვინის სახელთან, რომელმაც შექმნა და დაამტკიცა თბილისის საქალაქო საზოგადოებრივი მართვის დებულება. ამ დებულებით, ქალაქს უნდა ჰყოლოდა ქალაქის გამგეობა, ქალაქის თავისა და 6 წევრის შემადგენლობით. ქალაქის თავი აირჩეოდა ქალაქის საზოგადოების მიერ, წევრები კი უნდა არჩეულიყვნენ სახლების მფლობელების, ვაჭრებისა და ხელოსნების ფენის მიერ.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ შემუშავებული საქალაქო დებულებით, თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა სათათბირო, რომელიც ამტკიცებდა ბიუჯეტს, განიხილავდა საქალაქო საქმეებს და სხვ. 

თბილისში საქალაქო რეფორმა 1874 წლიდან მზადდებოდა. რეფორმის მიხედვით, ხმის უფლება ჰქონდა 45000-მდე მოქალაქეს (მოსახლეობის 4%). იმავე წელს, შედგა ამომრჩეველთა სია და ჩატარდა არჩევნები, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი ინტერესის საფუძველი იყო. თბილისის თავად არჩეულ იქნა ი. თუმანიშვილი, მალევე ახალ არჩევნებში კი გამარჯვება დიმიტრი ყიფიანმა მოიპოვა.  

თვითმმართველობის სფეროს ორგანიზების მხრივ რადიკალური ნაბიჯი გადაიდგა 1893 წელს, როცა შეიკვეცა სათათბიროსა და გამგეობის უფლებები, ასევე არჩევნების წესი. 

თვითმმართველობა დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)

ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუტის განმტკიცება დაკავშირებულია 1921 წელთან. 

საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს მოხდა. ამ დროს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა. სამ წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ვერ მოესწრო რუსეთის მიერ შემოტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის საფუძვლიანი ცვლილება. 1919 წელს ჩატარებული პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩა ხმოსანთა ჯგუფი.

ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების მომწესრიგებელი როლი 1921 წელს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციას უნდა შეესრულებინა. კონსტიტუციით ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩეოდა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უნდა დამორჩილებოდა მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს და თავის მხრივ, მოეწესრიგებინა მის ტერიტორიაზე კულტურული, საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმეები, თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოეცა ,,სავალდებულო დადგენილებები’’. თუმცა ხსენებულ მოწესრიგებას რეალურად განხორციელება არ ეწერა, რადგან ოთხ დღეში საბჭოთა კავშირმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 

ადგილობრივი ხელისუფლება საბჭოთა მმართველობის პირობებში

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოში არა ეროვნული, არამედ 1922 წელს მიღებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციით მოქმედებდნენ და შესაბამისად დამკვიდრდა ადგილობრივი მართვის მოდელი, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: იქმნება სამი ავტონომია - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სხვა ადმინისტრაციული ერთეულები დაყოფილი იყო შედარებით მცირე ერთეულებად - რაიონებად. სულ 69 ასეთი რაიონი არსებობდა საქართველოში. ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებობდა საბჭოები და კომიტეტები, რომელნიც პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა. 

1927, 1937 და 1978 წლების საბჭოთა კონსტიტუციებში ადგილობრივი საბჭოები არა თუ დამოუკიდებელ, არამედ ერთიანი სახელმწიფო აპარატის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალიზებული აპარატი განსაზღვრავდა ვერტიკალური დაქვემდებარების ხისტ სისტემას. ცენტრალიზაციის ორგანიზაციული სამართლებრივი გამოვლინება იყო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ორგანოების, სასამართლოებისა და საჯარო დაწესებულებების დაქვემდებარების ხარისხის გაზრდა, რათა მაქსიმალურად მომხდარიყო მათი საქმიანობის გაკონტროლება. ხელისუფლების მიერ საზოგადოების დაკნინებითა და ძირითადი ფენის მუშებად გადაქცებით, მცირდებოდა ხალხის დაინტერესება და ჩართულობა მმართველობით საქმიანობაში, ნაკლებად განათლებული და განუვითარებელი ადამიანები საბჭოური მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა, ნაკლებად განათლებული და განუვითარებელი ადამიანები საბჭოური მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა.

1990 წელს მიღებულ იქნა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მეურნეობის ზოგადი საფუძვლების შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოში არ ამოქმედებულა, რადგან ქვეყანაში დასრულდა საბჭოთა რეჟიმის მმართველობა.

ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

 დამოუკიდებელ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა კონსტიტუციური მოწყობის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. მმართველობის რესპუბლიკური მოდელი ახალი სისტემის დაფუძნებას გულისხმობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, რომლითაც სათავეში მოვიდა პოლიტიკური პარტია ,,მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო’’, მმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო. 

თავდაპირველად, საქართველოს უზენაესი საბჭო აქტიურად მოქმედებდა სახელმწიფო ერთიანობის და ამავე დროს თვითმმართველობის სისტემის ელემენტების შემოტანისთვის.

1993 წლიდან იწყება საქართველოს ტერიტორიის დაყოფა რეგიონებად, რომელსაც მართავდნენ რეგიონების მეთაურები. ადგილობრივი თვითმმართველობის რეგლამენტაცია 1995 წლის კონსტიტუციით არ მომხდარა, მსგავსად 1992 წლის მცირე კონსტიტუციისა. ე.წ „თვითშემოქმედებას’’ სახელმწიფო მეთაური ახორციელებდა. 

პარლამენტის მიერ 1997 წელს მომზადებული „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ’’ კანონის მიხედვით, ცენტრიდან დანიშნული გუბერნატორისა და გამგებლების მეშვეობით შენარჩუნებული იყო სახელისუფლებო ვერტიკალი. ასევე ამავე პერიოდში განისაზღვრა დედაქალაქის თვითმმართველობის განსხვავებული მოდელი, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა დაიხვეწა და გამყარდა 2006 წელს მიღებული ახალი ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, რომლითაც იმავე წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გაუქმდა ქვედა დონე (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) და ერთადერთ (როგორც თვითმმართველ, ისე ტერიტორიულ) ერთეულად გამოცხადდა მუნიციპალიტეტი, რისი მიზეზიც იყო არსებული მცირე თვითმმართველი ერთეულების არაჯეროვანი საქმიანობა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, ამასთან ფინანსური მდგომარეობის შეუსაბამობა. 

უახლესი დროის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა

საპრეზიდენტო რესპუბლიკის პერიოდში 

2002 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ ,,ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’. ქარტიით განისაზღვრა ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილების რეალიზება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი ადმინისტრაციული ორგანოების ავტონომიურობის უზრუნველყოფა და სხვ. 

საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს გატარდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ცალკე თავი დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის მომწესრიგებელ საკითხებს. ცვლილების შედეგად კონსტიტუციურად გამყარდა თვითმმართველობის საქმიანობის გარანტიები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომხდარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება სუბსიდიარობისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის კონსტიტუციური დადგენის შესახებ.  

საპარლამენტო რესპუბლიკის დროს

საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხები დარეგულირდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. მოწესრიგდა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხები. ქარტიის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, განსაზღვრულია, რომ თვითმმართველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მმართველობა უნდა განხორციელდეს პირდაპირი, თანაბარი და თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე, ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. 

საქართველოში თვითმმართველ ერთეულს ეწოდება მუნიციპალიტეტი და ის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გამიჯნულია თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი. პირველი მათგანი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება, ხოლო მეორე- დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. კონსტიტუციურად განმტკიცებულია, რომ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის საშუალებით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებით, კანონმდებლობის საფუძველზე. 

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს საკრებულო, რომელიც აირჩევა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, არჩეულთა უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს. არჩევნების წესი დარეგულირებულია ორგანული კანონითა და საარჩევნო კოდექსით. საკრებულო წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე, საკრებულოს ყოველთვიური შეკრების დროს განიხილება საკრებულოში შემოტანილი საკითხები. 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები საზოგადოება მრავალეთნიკურია, ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობები სათანადოდ ვერ ფლობენ ქართულ ენას და მათთვის წარმოიქმნება რიგი პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სათანადო და ქმედითი საშუალებაა ამ წინაღობებისა და ხარვეზების მოგვარების საქმეში. ამ ინსტიტუტისთვის დაკისრებული ორი უმთავრესი ფუნქციის - სერვისების მიწოდებისა და მოსახლეობასთან სიახლოვის ჯეროვანი შესრულებით, სახელმწიფოს განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად წინ მიდის და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი იზრდება. 

დასკვნა

სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას უხდება განსხვავებულ პრობლემებთან და წინაღობებთან გამკლავება, რაც ბევრად მოსახერხებელი და ეფექტურია ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის შედეგად. მმართველობის ასეთი ფორმა მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განვითარებასა და დახვეწის დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ეს ინსტიტუტი განიხილება, როგორც ხელისუფლების განხორციელების კანონზომიერების საზომად და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად. გამოცილება აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწია, საჭიროა, რომ თვითმმართველი ერთეულები მეტად მოერგონ არსებულ პრობლემებს და ორიენტირებული იყვნენ საზოგადოებრივ საჭიროებებზე, რაც მათ რეალურ ფუნქციას წარმოადგენს. 

როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებისათვის სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახვეწა, ვინაიდან სახელმწიფო მით მეტად დემოკრატიულია, რაც უფრო განვითარებულია თვითმმართველობის ორგანოები.


 

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს კონსტიტუცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

დემეტრაშვილი ა., კობახიძე ი., კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2008.

გუგუშვილი პ. საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება. II, 1956

მესხია შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში. თბ., 1962.

ლოსაბერიძე დ., კანდელაკი კ., აბულაძე მ., კონჯარია ო., ადგილობრივი თვითმმართველობა, ა(ა)იპ მწვანე კავკასია, თბილისი, 2016.

https://socialjustice.org.ge/ka/products/adgilobrivi-tvitmmartvelobis-damoukideblobis-garantiebi-sakartvelos-konstitutsiashi 


 

ავტორი: ანა კუსიანი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.