რა სახეები არსებობს სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების 1584 2021.05.31
რა სახეები არსებობს სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების

სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების რამდენიმე სახე არსებობს ესენია: პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება; უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა; სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით; მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად; ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო; სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისთვის ;სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.

მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

ამ საკითხების განმხილველი ორგანოა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულება - პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც ყოველთვიურად ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული მსჯავრდებულის საქმეს და მსჯელობენ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქით შეცვლაზე ან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, პირადად ესაუბრებიან პირს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც გარკვეულწილად ობიექტურობის გარანტიაა. საბჭო უფლებამოსილია უარი თქვას ან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებული პირობით ვადამდე; ასევე შეუძლია უარი თქვას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით შეცვლაზე ან შეცვალოს მაგ. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს შესაბამისი ოფიცერი შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთან ერთად ადგენს მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულების ფორმას. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი საბჭო უარს განაცხადებს სასჯელის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქით შეცვლაზე მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სასჯელისგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო

ასეთ შემთხვევაში პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია. განცხადებით კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს თავად მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს, დაწესებულების დირექტორს. შეგიძლიათ ასეთ დროს მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების სწორად დაწერასა და წარდგენაში. თუ პირი ავად არის და ამ საფუძვლით ხდება მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება, განცხადებას აუცილებელია თან ერთვოდეს ცნობა მსჯავრდებულის პირადი საქმიდან, სამედიცინო ბარათის ასლი იგივე ფორმა №IV - 100ა და ასევე სტაციონალური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ შედგენილი ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს მსჯავრდებულისათვის ჩატარებულ გამოკვლევებს, დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას განცხადების განხილვის შემჭიდროებულ ვადებზე. მძიმე დაავადებათა ჩამონათვალი რომლის საფუძველზეც ხდება პირის გათავისუფლება, მითითებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის №01-6/ნ ბრძანებაში.

სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისთვის

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, თავისუფლების შეზღუდვა, პირობითი მსჯავრის დანიშვნა, გამასწორებელი სამუშაო, სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის ხდება მშობიარობიდან 1 წლის მანძილზე. გადავადებას ახორციელებს სასამართლო, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც ბავშვი ერთი წლის გახდება შესაძლოა მსჯავრდებული გათავისუფლდეს სასამართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელი შეეცვალოს უფრო მსუბუქი სახით. ასევე შეიძლება სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ. გადავადების პერიოდში, თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას, სასამართლოს შეუძლია ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო

საქართველოს კანონმდებლობა დანაშაულის ხანდაზმულობას ითვალისწინებს თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე 6 წლის ვადაში; მძიმე დანაშაულზე ათი წლის ვადაში; ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე თხუთმეტი წლის ვადაში. შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდეს თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს სასჯელის მოხდას და განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარების მომენტიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის განჩინება №558აპ-16. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები:დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან