ინტერნეტ სამართალი და კიბერუსაფრთხოება533 2023.01.09
ინტერნეტ სამართალი და კიბერუსაფრთხოება

 თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ სამართალი სამართლის სხვა დარგებთან შედარებით საკმაოდ ახალი და ინოვაციური დარგია, რომლის დაბადების თარიღად მიიჩნევა XX საუკუნის ბოლო. ინტერნეტ სამართლის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას საფუძველი დაუდო ინტერეტ ქსელის გამოჩენამ, რომლის შექმნაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ცერნის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერებმა, რომლებსაც თავმჯდომარეობდა ტიმოთი ბერნერს-ლი. მათ შექმნეს დოკუმენტების აღწერის ენა HTML, რის შედეგადაც გაჩნდა  World Wide Web, აბრ. (WWW), რომელიც იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი სიახლეების გაცნობის ვირტუალურ საშუალებას.

მოცემული ინფორმაციული ტექნოლოგიების გაჩენის შედეგად განვითარდა   ონლაინ-ინდუსტრიის სფერო. მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა სხვადასხვა სახის ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიები, როგორიც არის Microsoft, IBM, Apple, Amazon... მნიშვნელოვნად განვითარდა მედია სამართალი, რომლის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა სხვადასხვა სახის სოციალური ქსელები, Youtube, Instagram, Pinterest, Facebook, Twitter, LinkedIn და სხვა.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ-ტექნოლოგიების გაჩენამ წარმოშვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომლებმაც, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა ციფრული ვალუტების წარმოშობას. ციფრული კრიპტოვალუტები კი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ითვლება მომავლის ვალუტად და ანგარიშსწორების მომავალი უზრუნველყოფის საშუალებად.

ინტერნეტ სამართალი წარმოადგენს სამართლის ერთ-ერთ დარგს, რომელიც სწავლობს ინტერნეტის, როგორც გლობალური კომპიუტერული საინფორმაციო ქსელის სამართლებრივი რეგულირების ცალკეულ ასპექტებს. ინტერნეტ სამართალს აქვს გარკვეული სახის ქვედარგები, ესენია: ელექტრონული კომერციის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი და ხელოვნური ინტელექტის სამართალი.

თუმცა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტის ასეთი არნახული ტემპით განვითარებამ, ბევრ დადებით და სასარგებლო ფაქტორეთან ერთად, წარმოშვა სხვა, მრავალი, ძირეული პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კიბერ უსაფრთხოებას.

როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტ სამართალი საქართველოში, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სამართლის სრულიად ინოვაციური და ახალი დარგია, რომელიც შედგება სამართლის ინტერდისციპლინარული ელემენტებისგან. იგი წარმოადგენს ერთგვარ სინთეზს სამართლის დარგებისა. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სამართლისა და კიბერ უსაფრთხოების დაკავშირებისას, წარმოიშვება გარკვეული სახის პრობლემები, რის შედეგადაც აუცილებელი ხდება მათი სამართლებრივი რეგულირება, თუმცა ეს არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს, არამედ, რასაკვირველია, მოცემული საკანონმდებლო ნორმები სამართლებრივი რეგულირებიდან გამომდინარე რელობაში უნდა იყოს ეფექტურად აღსრულებადი.

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მრავალფეროვანია, იმ მხრივ, რომ მათი კანონმდებლობა ინტერნეტის სფეროში იყენებს გარკვეული სახის რეგულაციებს ადამიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების, პერსონალური მონაცემების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეგულირების, ინტელექტუალური საკუთრებისა და ელექტრონული ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კიბერ კრიმინალის სუბეიექტები ხშირ შემთხვევაში მიდრეკილნი არიან მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისკენ, რომელიც გულისხმობს, კონკრეტული მომხმარებლის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და შენახვას. კონკრეტული პირებისთვის, შესაძლებელია რომელიმე მომხმარებლის Facebook ან თუნდაც Twitter-ის ანგარიშიდან მოიპოვოს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. მოცემული დანაშაული დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით. 

აგრეთვე, არსებობენ გარკვეული სახით ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ახორციელებენ კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული პირების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საქართველოში ასეთი შემთხვევისას, კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, დანაშაულის თაღლითურად დაუფლებისა და დანაშაულის სუბიექტების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, მუხლით დაკვალიფიცირდება.

ზემოთხსენებული დანაშაულის მაგალითიდან გამომდინარე, მოცემული ქმედებისა და მსგავსი მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამაკვალიფიცირებელი ნორმები საქართველოს სისხლის სამართლის საკანონმდებლო დონეზე არსებობს. თუმცა, პრობლემად რჩება ის, რომ მანამ, სანამ ასეთი დანაშაული გამოვლინდება, უნდა არსებობდეს მომხმარებლის პირადი ქონებრივი უზუნველყოფის ვირტუალური საშუალებები, რათა, როგორც ზემოთხსენებული მაგალითიდან ირკვევა, არ მოხდეს ციფრული ფულის, კრიპტოვალუტების, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითური დანაშაულის ჩადენა, ინტერნეტ ტექნოლოგიების მეშვეობით. 

აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, კიბერ უსაფრთხოების მხრივ, არ არსებობს არც ერთი სრულყოფილი საერთაშორისო ინსტრუმენტი, გამონაკლისია გაეროს გენერალური ასამბლეის არასავალდებულო რეზოლუცია „მსოფლიო უსაფრთხოების კულტურის შესახებ“. მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია „კიბერდანაშაულის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს და განსაზღვრავს ინტერნეტ-პროვაიდერის ზოგად წესს და მომხარებლების პირად ინფორმაციის შენახვასა და დაცვას.

კიბერ უსაფრთხოებისა და შესაბამისად ინტერნეტ სივრცის სამართლებრივ რეგულირების საკითხთან დაუშვებელია არ აღინიშნოს, რომ 2007 წლიდან, ესტონეთმა, როდესაც მასშტაბური კიბერთავდასხმის მსხვერპლი სახელმწიფო გახდა რუსეთის მიერ,  დაიწყო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად სამართლებრივი რეგულაციების გატარება. ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფოები, ესტონეთის თაოსნობით, თანხმდებიან კიბერსივრცის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე. მათ წარდგენილი აქვთ საერთო სტრატეგია კიბერტერორიზმის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დღეისობით, ესტონეთი ითვლება კიბერ უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ.

2007 წლის მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგად, ესტონეთმა კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტ სფეროში სამართლებრივი რეფორმების გატარების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების ხარისხი პერსონალური მონაცემების, ინტელექტუალური საკუთრების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეგულირებისა და ელექტრონული ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მხრივ.

როგორც ნაშრომის ზედა ნაწილში ავღნიშნეთ, ინტერნეტ სამართალი მნიშვნელოვნად უკავშირდება კიბერ უსაფრთხოებას, ვინადიან კიბერ კრიმინალის სუბიექტები სხვადასხვა სახის სოციალური ქსელების, ელექტრონული კომერციული საიტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების, რომლის საინფორმაციო ქსელის სამართლებრივი რეგულირებასაც ახორციელებს ინტერნეტ სამართალი,  გამოყენებით, სჩადიან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, უმეტესწილად, თაღლითურ დანაშაულებსა და უკანონოდ მოიპოვებენ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციებსა და კონკრეტული მომხარებლის პერსონალურ მონაცემებს.

საჭიროა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, შემუშავდეს გარკვეული სახის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სრულყოფილი მექნიზმები და ინსტრუმენტები, რომელიც იქნება ძლიერი გარანტორი ინტერნეტ სამართლის სფეროში არსებული ადამიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების, პერსონალური მონაცემების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეგულირების, ინტელექტუალური საკუთრების, ელექტრონული ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინტერნეტ სამართლის, როგორც სამართლის სხვა დარგებთან შედარებით ახალი და ინოვაციური დარგის შემდგომი განვითარებისა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მეტად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჯერ ახლა იწყებს იგი ქართულ საკანონმდებლო სამართლის სფეროში დამკვიდრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გაბისონია ზვიად. 2022. ინტერნეტ სამართალი და ხელოვნური ინტელექტი. თბილისი: გამომცემლობა „იურისტების სამყარო“.

  2. გაბისონია ზვიად. 7/2020. ინტერნეტში გამოსაყენებელი საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები და სამომხმარებლო შეთანხმებებში არსებული დათქმები. 21-32 გვ. შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი. 

  3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. საქართველოს პარლამენტი. 2287. 22.07.1999

  4. Pascale, Davies, How Estonia became Europe’s leader in cybersecurity,( May 2022), https://www.euronews.com/next/2022/05/26/cyberattacks-likely-to-rise-in-wake-of-ukraine-war-this-is-what-estonia-learnt-from-web-war

 

 

ბადრი ხატიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის , სამართლის სკოლის III კურსის სტუდენტი  

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.

სხვა სიახლეები
15 იან

ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?

12 დეკ

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

12 დეკ

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით

03 აგვ

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია