გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან? 569 2020.06.12
გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

მსოფლიო პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების დახურვამ ბიზნესებს ონლაინ კომერციაზე გადასვლისკენ უბიძგა. საყოველთაო კარანტინის პერიოდში ვაჭრობის ამ ფორმას ფაქტობრივად, ალტერნატივა არ ჰქონდა, თუმცა მასზე მაღალმა მოთხოვნამ გაზარდა კიბერდანაშაულის რისკებიც.

საქართველოში ონლაინ კომერცია ბოლო პერიოდში აქტიურად იკიდებს ფეხს, თუმცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ინფორმირებული, როგორ ამოიცნოს თაღლითების მიერ შექმნილი ბიზნეს-გვერდები და როგორ გადაამოწმოს, რეალურად, რეგისტრირებულები არიან თუ არა ისინი?!

როგორც იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევებით ბევრი მიმართავს. საუბარია როგორც მცირე, ისე სოლიდური თანხების დაკარგვაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გზებით შეგვიძლია ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება.

ამის შესახებ დეტალურად ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილს ვესაუბრეთ:

ონლაინ კომერციის გააქტიურებამ კიბერდანაშაულის კუთხით გარკვეული საფრთხეები შექმნა. თქვენი იურიდიული კომპანიის მაგალითზე გაიზარდა თუ არა ბოლო 3 თვის განმავლობაში ასეთი შემთხვევები?

ონლაინ ვაჭრობით გააქტიურებამ ქართულ რეალობაში ინტერნეტ თაღლითობის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა უამრავი ახალი ონლაინ გვერდი, რომლებიც შეიძლება, გვეუბნებოდნენ, რომ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მის სახელსაც ატარებდნენ, თუმცა რეალურად, ბიზნესთან კავშირი არ ჰქონდეთ და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი იყოს.

ჩემი აზრით, ზოგადად, ასეთი გვერდები ძალიან მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს წარმოადგენენ, რადგანაც მომხმარებლებს უჭირთ რეალური და ყალბი გვერდების ერთმანეთისგან გარჩევა. ეს ჩვენი იურიდიული კომპანიის მაგალითზე ნათლად გამოიკვეთა, რადგან ამ პერიოდში ბევრი დაზარალებული გვირეკავს კონსულტაციისთვის და აინტერესებთ, რა მექანიზმებით შეუძლიათ იმ პირის მოძიება, ვისაც თანხა ჩაურიცხეს, მაგრამ ახლა კონტაქტს ვეღარ ახერხებენ.

ასეთი შემთხვევების გათვალისწინებით, იძულებული ვართ, მაღალი სიფრთხილით მივუდგეთ მსგავსი გვერდებიდან პროდუქციის შეძენას.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ასეთ სუბიექტს თანხას გადავურიცხავთ? როგორ შეგვიძლია მათი იდენტიფიცირება?

პირველი რჩევა იქნება ის, რომ სახელწოდებას კარგად დავაკვირდეთ. ხშირია, როდესაც მომხმარებელს თავს რომელიმე ცნობილი კომპანიის სახელით აცნობენ, თანხას ჩაარიცხინებენ და შემდეგ მათთან დაკავშირება შეუძლებელი ხდება.

მეორე - უნდა დავაკვირდეთ, როდის არის ეს კონკრეტული გვერდი შექმნილი. ასევე, უნდა წავიკითხოთ მომხმარებლების კომენტარები და რევიუები, რაც გარკვეულ ანალიზის საფუძველს გვაძლევს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რა შეგვიძლია ამ მიმართულებით გავაკეთოთ?

როცა კონკრეტული პირი ანგარიშის ნომერს გიგზავნით და თანხის გადარიცხვას გთხოვთ, შეგიძლიათ, თქვენს მომსახურე ბანკს დაუკავშირდეთ და ამ სუბიექტის გადამოწმება სთხოვოთ. ამგვარად შეგვიძლია, გადავამოწმოთ, აღნიშნული ანგარიშის ნომერი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციას, რა სახელითაც ისინი გვეცნობიან. თუ ანგარიშის ნომერი არის ფიზიკური პირის, მაშინ თანხას ფაქტობრივად, ბრმად ვრიცხავთ და საკუთარ ფინანსებს რისკის ქვეშ ვაყენებთ.

არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა საბანკო რეკვიზიტებს ჩვენ გვთხოვენ და იღებენ ისეთი ინფორმაციას, რაც ჩვენს ანგარიშებზე წვდომას მისცემთ. მაგალითად, როცა გვიგზავნიან სპეციალურ ველს, სადაც საბანკო მონაცემები უნდა შევიყვანოთ. ეს მათთვის არის ერთგვარი კომფორტი, მარტივად მიითვისონ სხვისი თანხები. ესეც საკმაოდ გავრცელებული ფორმაა და არ უნდა წამოვეგოთ თაღლითობის ამ ფორმას.

შეგვიძლია, კონკრეტული სუბიექტის არსებობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გადავამოწმოთ. ვებ-გვერდის ბიზნესის განყოფილებაში შესვლისას, ფიზიკური პირის პირად მონაცემების ან ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად მივხვდებით, არსებობს თუ არა ეს ფირმა, რამდენი ხნის დაფუძნებულია ის, ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არიან პარტნიორები. ასევე, შეგვიძლია, აქვე გადავამოწმოთ მათი სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ჩემი აზრით, დაცვის იდეალური საშუალებაა. ამასთან, თუ რაიმე საკითხი ბუნდოვანია, შეგვიძლია, იურისტებთან გავიაროთ კონსულტაცია და ასე გავაკონტროლოთ ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება. ამ კუთხით ჩვენს ბიუროში ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა.

სხვა სიახლეები
30 ნოე

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

24 ნოე

რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

17 ნოე

რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

17 ნოე

რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

02 ნოე

იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

30 ოქტ

უწყინარი კომპლიმენტი თუ პერსონალური მონაცემების დარღვევა?

28 ოქტ

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

27 ოქტ

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?