რისი უფლება გაქვთ და რა უნდა იცოდეთ შვებულებასთან დაკავშირებით1696 2019.09.23
რისი უფლება გაქვთ და რა უნდა იცოდეთ შვებულებასთან დაკავშირებით

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირ შემთხვევაში ირღვევა ან/და დასაქმებულს საერთოდ არ ეძლევა მისით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ამის შესახებ საადვოკატო ბიურო myadvokat-ის იურისტები აცხადებენ.მათივე განმარტებით, საქართველოში შრომით უფლებებს, დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებსა და კუთვნილი შვებულებით სარგებლობაზე დასაქმებულის უფლებას, შრომის კოდექსი ადგენს და მისი დარღვევა დაუშვებელია.

იურისტების ცნობით, კანონმდებლობით დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

„შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს მოცემული რეგულირებისგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. თუმცა, მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს აღნიშნული ვადის გასვლამდეც შეიძლება მიეცეს შვებულება.

ამასთან, შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესებს ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას, კერძოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით,“-აღნიშნავენ ბიუროში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დამატებით, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღის ვადით.

„ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გარდა დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან, ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

ამასთანავე, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მნიშვნელოვანია აგრეთვე კანონის დანაწესი იმის შესახებ, რომ დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, რაც დამატებით გარანტიებს ქმნის ბავშვის მომვლელი პირისათვის,“-აცხადებენ იურისტები.