რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?4843 2019.01.24
რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

როგორც მოგეხსენებათ, თხოვების ხელშეკრულება ფართოდაა გავრცელებული და მისი სამართლბრივი რეგულირება მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს.

თხოვების ხელშეკრულებაში ორი მხარე მონაწილეობს-გამნათხოვრებელი და მონათხოვრე. გამნათხოვრებელი ის პირია, რომელსაც საკუთარი ქონება დროებით არ სჭირდება. მონათხოვრე კი შეიძლება იყოს ის, ვისაც ასეთი ქონება არ გააჩნია და სურს დროებით, სხვისი ქონებით დაიკმაყოფილოს მასზე მოთხოვნილება. ეს კი შესაძლებელია გამნათხოვრებელსა და მონათხოვრეს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძველზე. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი გადასცემს ქონებას მონათხოვრეს დროებით სარგებლობისათვის, ხოლო მონათხოვრე სარგებლობის ვადის დამთავრების შემდეგ უკან აბრუნებს ნათხოვარ ქონებას. გადაცემული ქონებით სარგებლობა შეზღუდულია ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლებით. მონათხოვრემ უნდა დააბრუნოს იგივე ქონება და არა მისი მსგავსი იმავე ოდენობისა ან გადაცემული ქონების ღირებულება. სარგებლობაში გადაცემული ქონებისათვის მონათხოვრეს საზღაურის გადახდა არ ეკისრება. თხოვების ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება. რაც შეეხება ფორმას, კანონით არ არის განსაზღვრული თხოვების ხელშეკრულების ფორმა. ამიტომ შესაძლებელია მისი დადება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. კანონით არც ხელშეკრულების ვადაა განსაზღვრული.

განმათხოვრებლის უფლება უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს სხვას ნივთი ან ქონებრივი ხასიათის რომელიმე უფლება დატვირთულია მისი მოვალეობით იმის შესახებ, რომ გადასაცემი უფლება უხარვეზო იყოს, ხოლო ნივთი უნაკლო. სხვა შემთხვევაში მას დაეკისრება ხარვეზიანი უფლების ან ნაკლიანი ნივთის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.  პასუხისმგებლობია დადგება მხოლოდ მაშინ, თუ განმათხოვრებელმა მონათხოვრეს ზიანი მიაყენა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

მონათხოვრეს ასევე არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს განმათხოვრებლის თანხობის გარეშე.  მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. განმათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესით.

გამნათხოვებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მონათხოვრე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მათ მიეკუთვნება: ნათხოვარი ნივთის გამოყენება არადანიშულებისამებრ, ნივთის მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა, ნივთის მდგომარეობის არსებითი გაუარესება, მესამე პირისათვის ნივთის გადაცემა სარგებლობაში გამნათხოვრებლის ნებართვის გარეშე. მონათხოვრეს კი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი წარმოეშობა შემდეგ შემთხვევებში, თუ აღმოჩნდა ნივთის ისეთი ნაკლი, რომლის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელია ან ძალზე რთულია და რომელიც ხელშეკრულების დადების დროს მან ვერ შეამჩნია და არც შეიძლებოდა შეემჩნია. გამნათხოვრებლის მიერ გაუფრთხილებლობა იმის თაობაზე, რომ ნივთზე მესამე პირს გააჩნდა განსაზღვრული უფლება, ნივთის საკუთვნებლის ან აუცილებელი დოკუმენტაციის გადაუცემლობა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ნივთის გამოუსადეგრად გახდომა. ასევე თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.