error 4409 2018.09.29
რა შემთხვევაში იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლო გადაწყვეტილებისგან და მისი მიღება დაიშვება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების არსებობისას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაძლებელია, განვიხილოთ ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად.

 

სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:

 

1) თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მხარე (მოსარჩელე ან მოპასუხე). გამოუცხადებლად ითვლება; ასევე, მხარე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე;

2) თუ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს შესაგებელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ასეთ პირობებში, სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იღებს საქმის ზეპირ მოსმენაზე განხილვის გარეშე.

 

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღი, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მოპასუხე იშუამდგომლებს.

 

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე მხარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თაობაზე და მოსარჩელე მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლება სასამართლოს მიერ საკითხის დამატებით გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარჩელის სამართლებრივ გამართულობას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობის მიუხედავად, სასამართლო მოსარჩელეს უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის პირობებში მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას. ამ შემთხვევაში, მოპასუხე სანქციონირებულია იმით, რომ მისგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება. მას შეუძლია, გამოთქვას მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სარჩელში მითითებული გარემოებების მიმართ.

 

როგორ ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება?

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და მისი გასაჩივრება დასაშვებია კანონით დადგენილი წესით. მხარეს, უფლება აქვს გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაშიგადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს. მხარის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაამტკიცებს, რომ სასამართლო სხდომაზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ გამოცხადდა ან ვერ შეიტანა შესაგებელი (მაგალითად, არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ - არ მიუღია უწყება; ადგილი ჰქონდა გადაულახავი დაუძლეველი ძალის მოქმედებას; მხარე იყო ავად, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე ან არსებობს რაიმე სხვა მიზეზი, რომელსაც სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს).

სხვა სიახლეები
16 ოქტ

საქმიანობები, რომელთა დაურეგისტრირებლად ჯარიმა დაგეკისრებათ

12 ოქტ

„არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია“

12 ოქტ

მკაცრია თუ არა საქართველოს სავიზო პოლიტიკა?

09 ოქტ

მედიაცია ქართულ კანონმდებლობაში

05 ოქტ

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?!

03 ოქტ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი საავტორო უფლებები დაარღვიეს?

01 ოქტ

რისი უფლება აქვს დასაქმებულს, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებენ?

27 სექ

დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა?

25 სექ

„პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნება უკანონოა“

22 სექ

რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს?!