ვინ არის უღირსი მემკვიდრე7267 2017.10.30
ვინ არის უღირსი მემკვიდრე
ხშირია შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებელს არ სურს თავისი ქონება დაუტოვოს იმ მემკვიდრეს, რომელიც მას სხვადასხვა ფორმით აყენებს შეურაცხყოფას. საქართველოს კანონმდებლობა ასეთი შემთხვევებისთვის ითვალისწინებს უღირსი მემკვიდრის ინსტიტუტს. მოქმედი კანონმდებლობით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). უღირს მემკვიდრედ ცნობა ხდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. სასამართლოსთვის პირის უღირს მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნით მიმართვის უფლება და შესაბამისად, პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება ხდება იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს. თუ მემკვიდრის უღირსად ცნობა მოხდება მას შემდეგ, რაც მას მიღებული ექნება სამკვიდრო, ის მოვალეა, უკან დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო, მათ შორის, ნაყოფიც და შემოსავალიც. გახსოვდეთ, რომ სასამართლო წარმოების ფარგლებში სწორედ თქვენ/მამკვიდრებელს გეკისრებათ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მემკვიდრე უღირსია.