ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა7538 2016.10.24
ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა. ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები. საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან“ გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში“, რაც ნიშნავს რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აცნობს ნორვეგიის ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურებს. "საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ნორვეგიის სამეფოში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). მოკლევადიანი–90 დღემდე ვიზა გაიცემა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მიერ. ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 8 0 900 007 033 გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს. ქ. თბილისში საფრანგეთის საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი: საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს. ასევე, პასპორტის მთავარი გვერდის ასლი ; წინა პასპორტის, ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პირადობის მოწმობა + 1 ასლი; 1 ფოტოსურათი 3X4 ; ბილეთის ჯავშანი; ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა:http://www.ambafrance-ge.org/; სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის ( ორიგინალი და ასლი); მოწვწვა ნორვეგიაში არსებული კომპანიისა თუ ორგანიზაციის მიერ, მოლაპარაკებებში, კონფერენციებსა თუ სავაჭრო ან საქმიანი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად +1 ქსერო ასლი; ასევე, მიმპატიჟებელი ორგანიზაციის მიერ ბინისა და მგზავრობის ხარჯების თავის თავზე აღება ან ცნობა ბანკიდან (პირადი ან დამფინანსებელი კომპანიის საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი); სასტუმროს ჯავშანი; ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან); არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები); სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს ექვივალენტს ლარებში (საელჩოს გაცვლითი კურსის მიხედვით; ყველა ქართული საბუთი ბარდება ინგლისურ ან ფრანგულ თარგმანთნ ერთად; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!" წყარო:mfa.gov.ge