თაღლითური სქემები ინტერნეტში!1813 2016.10.13
თაღლითური სქემები ინტერნეტში!
ინტერნეტში არსებობს საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა ტიპის თაღლითური ვებგვერდი, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ უსაფრთხოდ შეიძლება გამოიყურებოდეს. აღნიშნული ვებგვერდები ხშირად ითხოვენ საბანკო ანგარიშებისა და საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას. თაღლითური სქემების ნაწილია ასევე ე.წ. საეჭვო ელექტრონული წერილები (Spam E-mail), რომლებიც ელ-ფოსტის მისამართების შემთხვევითი შერჩევის გზით მილიონობით ადრესატს ეგზავნება. მაგალითად, ელექტრონული შეტყობინება ლატარიაში გამარჯვების ან ფულადი თანხის მოგების შესახებ. მსგავსი სახის წერილები ხშირად ვირუსული ხასიათიასაა ან/და იძლევა ინტერნეტ მომხმარებლის მონაცემების არამართლზომიერი მოპოვების საშუალებას. ისინი შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მოწყობილობას ან/და მასში დაცულ დოკუმენტებს, საბანკო მონაცემებს, პაროლებს და სხვა). როგორც წესი, თაღლითურ ვებგვერდებს არ აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, არ გააჩნიათ კონფიდენციალობის განაცხადი, მომხმარებელს სთავაზობენ გაურკვეველი ტიპის ფაილების ავტომატურ რეჟიმში გადმოტვირთვას, შეიცავენ ცრუ „ახალ ამბებს“, საეჭვო ტიპის სარეკლამო ბანერებს და ა.შ. გარდა ამისა, თაღლითმა შეიძლება მიითვისოს და უკანონოდ გამოიყენოს თქვენი პირადი ინფორმაცია (ე.წ. Identity Theft). საკმაოდ გავრცელებულია თაღლითების მიერ დაზარალებულის საიდენტიფიკაციო ნომრისა და დაბადების თარიღის გამოყენებით ახალი საკრედიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის გამოყენება, ასევე, ტელეფონის, ინტერნეტისა და სხვა კომუნალური მომსახურებების გადასახადის გაფორმება დაზარალებულის სახელზე ან დავალიანების დაფარვა დაზარალებულის ანგარიშიდან. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასურველია, რომ ინტერნეტ მომხმარებელი: ელექტრონული ფოსტის სერვისზე რეგისტრაციის დროს ეცნობოდეს კონფიდენციალობის პირობებს; ერთმანეთისგან მიჯნავდეს სამსახურებრივ და პირად კორესპონდენციას და აწარმოებდეს მათ სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან; თავს იკავებდეს საეჭვო ტიპის შეტყობინებების და მასზე მიმაგრებული ფაილების გახსნისგან, ასევე, მსგავს შეტყობინებებზე პასუხის გაცემისგან; იყენებდეს ფილტრაციის ფუნქციას. მონიშნოს, რომ შეტყობინება საეჭვო ფოსტას (Spam email) განეკუთვნება, რათა თავიდან აიცილოს მათი შემდგომში მიღება ან ძირითად წერილებთან ერთად მოხვედრა; სხვადასხვა ვებგვერდებზე რეგისტრაციამდე (მაგალითად, ონლაინ მაღაზიები ან სიახლეების გამოწერა) აფასებდეს მათ სანდოობას და ეცნობოდეს კომპანიის კონფიდენციალურობის პირობებს; იყენებდეს ანტივირუსის პროგრამას. წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი