სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები!2101 2016.10.13
სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები!
ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერი პერსონალურ მონაცემად განიხილება, როდესაც: 1. შესაძლებელია მასზე აღბეჭდილი ადამიანის სახის გამოსახულების გარჩევა (პირდაპირი იდენტიფიკაცია) ან 2. ადამიანის სახის ნაკვთების გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ სისტემის მიერ დაფიქსირებული ნივთების ან/და ადამიანის ქცევის მახასიათებლებით, მათი სხვა მონაცემებთან შედარებით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება (არაპირდაპირი იდენტიფიკაცია). სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კანონის მოთხოვნა პროპორციულობის პრინციპთან მიმართებაში იმპერატიულია და მონაცემთა დამმუშავებლისაგან მოითხოვს ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების დასაბუთებას. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში! სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას, დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი უნდა იყოს ინფორმირებული წერილობითი ფორმით ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ. სასურველია, სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალის სისტემის დანერგვამდე, თანამშრომლებთან ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კონტროლის აუცილებლობის, მიზნის, ფარგლებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ. ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მონაცემთა დამუშავებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ვიდეოთვალთვალის განხორციელება, ჩანაწერების შენახვა, უსაფრთხოების მართვა ხორციელდება კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, ამდენად მნიშვნელოვანია, დადებულ ხელშეკრულებაში დეტალურად განისაზღვროს მხარეთა უფლება-მოვალეობები და მათი პასუხისმგებლობა. ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი (იხილეთ დანართი), რომლის განთავსების ადგილი და მასზე დატანილი წარწერა და გამოსახულება აღქმადი უნდა იყოს კონტროლის სივრცეში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ ვიდეოკონტროლის სივრცე მოცულობით დიდია, შესაძლებელია როგორც რამდენიმე, ისე - სივრცის შესასვლელში ერთი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება. წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი