სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას874 2016.06.09
სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას სექსუალური შევიწროება წარმოადგენს. ამ თემის გარშემო დისკუსია ბოლო პერიოდში გავრცელებულმა არაერთმა დანაშაულებრივმა ქმედებამ განაპირობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, რაც შესაბამისად გაამკაცრებს სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას,რომელიც ამცირებს შესრულებული სამუშაო სხარისხს, საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს. კანონპროექტის მიზანია სექსუალური შევიწროების პრევენცია, მათ შორის, დასაქმების ადგილზე.კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მიუთითებს, რომ დამატებულ უნდა იქნას მუხლი „სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას.“ შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილისამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ამ საკითხის განხილვა შესაბამისი ორგანოების მიერ კვლავ გაგრძელდება. იმედის ვიტოვებთ, რომ განხილული ცვლილებები ძალადობის ფაქტებს შრომითი ურთიერთობებისას მაქსიმალურად შეამცირებს.