როგორ ხდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა საქართველოში2147 2016.05.16
როგორ ხდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა საქართველოში
ინტელექტუალური საკუთრება თანამედროვე პირობებშიერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. იგი ადამიანის გონებრივ შემოქმედებას უკავშირდება ლიტერატურის, ხელოვნების, ტექნოლოგიებისა თუ სხვა სფეროში. ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოფს კაცობრიობის პროგრესსა და მის მრავალმხრივ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, ინოვაციური იდეების დანერგვას და სხვა. ამ უფლებათა დაცვა საქართველოში საერთაშორისო კონვენციებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა, ხოლო ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის წევრია 1995 წლიდან. განვიხილოთ როგორ ხდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების წარმოშობა და რა პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დამრღვევ პირს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამრეწველო საკუთრების ზოგიერთ ობიექტებზე (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზიანი, სასაქონლო ნიშანი, გეოგრაფიული აღნიშვნა, ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშები, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია) უფლებები წარმოიშობა მათი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში" რეგისტრაციის შედეგად. ფორმალობები არ მოითხოვება საავტორო და მომიჯნავე უფლებების წარმოშობისათვის. საავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის ფაქტით. კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ განმარტავს, რომ ეს ინსტიტუტი დაკავშირებულია მეცნიერების,ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნასა და გამოყენებასთან. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა დაკავშირებულია ხსენებული უფლებების სხვადასხვა ობიექტების უნებართვო გამოყენებასთან/ ექსპლოატაციასთან და გარკვეული უფლებების მითვისებასთან, ისევე როგორც თანაავტორობაზე იძულებასთან. პრაქტიკული მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი, რომელიც უფლებამოსილია მოსთხოვოს მესამე პირებს პატივი სცენ მის საავტორო უფლებას, არ გამოიყნონ იგი უნებართვოთ ან/და უკანონოდ, აგრეთვე ავტორი უფლებამოსილია მიიღოს შემოსავალი საკუთარი შესრულებული პროდუქციის რეალიზაციით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმებს. საავტორო უფლებების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. სასჯელის ხარისხი ყოველი კონკრეტული შემთხვევის განხილვისასა დგინდება. საავტორო უფლებების გარდა, ინტელექტუალური საკუთრება,როგორც ზემოთ აღინიშნა, სამეწარმეო საკუთრებასაც მოიაზრებს. პასუხისმგებლობის დაკისრება ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება. იგი შესაძლოა გამოიხატოს სისხლის, ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სახით. აგრეთვე, განხილულ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეები შეიძლება გამოძიებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ.