26 მაისი – დამოუკიდებლობა, ერთიანობა, განუყოფლობა1257 2012.10.18
26 მაისი – დამოუკიდებლობა, ერთიანობა, განუყოფლობა
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი,განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობადა სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“ – ეს სიტყვები წარმოადგენსსაქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას, რაც გამოხატავს ქვეყნის ნომერ პირველი კანონის უმთავრეს პრინციპებსა და გამოწვევებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.

თანამდებობის დაკავების წინ, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს ფიცს, რომელიც ასე ჟღერს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას,ქვეყნის დამოუკიდებლობას,ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის”. 26 მაისი ეს ის თარიღია, როდესაც ქართველი ერი სიმბოლურად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა – „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ამავე აქტით დადგინდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა; საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე.

თითქმის მთელი საუკუნის წინ შექმნილი ეს აქტი იმდენად მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავდა, რომ ეს პრინციპები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. წინაპართა ოცნება საქართველოს სრული დაამოუკიდებლობის მოპოვებისთვის დღემდე იხვეწება და სრულფასოვან სახეს იღებს. რაღა თქმა უნდა, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა 1918 წლის 26 მაისის შემდეგაც გაგრძელდა. ეს სტატუსი ბევრჯერ ჩამოგვართვეს, იყო არა ერთი შედეგიანი თუ უშედეგო მცდელოა სახელმწიფოს მოშლის. დამოუკიდებლობის დაცვა დგემდე გვიწევს. თუმცა საქართველო რომ სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა, ამის დადასტურება სწორედ დღევანდელი დღეა.