უზენაესი სასამართლოს განმარტება კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირად პასუხისმგებლობაზე1092 2015.06.15
უზენაესი სასამართლოს განმარტება კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირად პასუხისმგებლობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთაკომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე #ას-1307-1245-2014 და საქმე #ას-1158-1104-2014). საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ეკისრებათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილია თუ არ სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვოს მათგან კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინიბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომპარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით,კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

დირექტორის პასუხისმგებლობათან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიისდირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობებიდა რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).

საკასაციო პალატამ განმარტა, რომკომპანიის ხელმძღვანელების მიერ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა, განსაკუთრებით კორუფციული ქმედებები, დირექტორთა საჯარო ვალდებულებებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, გარდაქმნის კომპანიის წინაშე ზრუნვის მოვალეობის შემადგენელ შიდა ვალდებულებადაც.

კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ ვალდებულება გაზარდონ კომპანიის მოგება, მაგრამ ეს უნდა განახორციელონ მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში. საკასაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ: ა) საწარმოს გააჩნია საგადასახადო ვალდებულება; ბ) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახდის უნარი; გ) სახეზეა ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კომპანია ვალდებულია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დირექტორისგან. ხოლო თუ აშკარაა, რომ საწარმოსათვის მისი დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას არავითარი შედეგი არ ექნება, შესაძლებელია კრედიტორმა უშუალოდ მოითხოვოს მის მიმართ საზოგადოების ვალდებულების ანაზღაურება საზოგადოების დირექტორისაგან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენში მითითებული ფაქტები დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, რადგან მოცემულ საქმეში კომპანიის პარტნიორების პასუხისმგებლობის საფუძველია არა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (დელიქტური ვალდებულება), არამედ ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი.

შესაბამისად,კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის მათთვის სადავო ვალდებულების უპირობოდ დაკისრებისათვის, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად დამტკიცებულად. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სამართალწარმოებისას წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას და იგი საჭიროებს შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც გადაუხდელი გადასახადის ძირითადი თანხის, ისე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის ნაწილში. მათი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე კომპანიის ვალდებულებების მიმართ სუბსიდიურია, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარული. წყარო