უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პომიდორი ბოსტნეულია2671 2015.03.30
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პომიდორი ბოსტნეულია
საქმეების რაოდენობრივი და შინაარსობრივი მრავალგვარობის გამო რაზე აღარ უწევს ხოლმე სასამართლოს მსჯელობა. ხშირად ისეთი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ ცნობილია და რომელთაც განსაკუთრებული მტკიცებულებები არ სჭირდება, მაინც ხდება სადავო და სასამართლოს უწევს თავისი გადაწყვეტილებით ამგვარი საკითხებიც გაარკვიოს. თუმცა სადავოა, რამდენად წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან ჭეშმარტებას ის ფაქტი, რომ პომიდორი ბოსტნეულია? თუ ოდესმე მოგიწიათ იმ საკითხზე კამათი, პომიდორი ხილია თუ ბოსტნეული, შეგიძლიათ სავსებით თავდაჯერებულმა განაცხადოთ, რომ დიახ, პომიდორი ნამდვილად ბოსტნეულია! და თქვენი ამ პოზიციის მხარეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი - ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ასე გადაწყვიტა.

100 წელზე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი საქმის (Nix v. Hedden, 149 U.S. 304 (1893)) მოსამართლემ, რომელიც ერთპიროვნულად მოქმედებდა უზენაესი სასამართლოს სახელით, დაადგინა, რომ პომიდორი ბოსტნეულია, როცა საქმე კანონს ეხება.

საქმე ისაა, რომ 1883 წლის კანონით, რომელიც გადასახადებს შეეხებოდა, დადგინა 10%-იანი გადასახადი ქვეყანაში იმპორტირებულ ბოსტნეულზე, რისგანაც თავისუფალი იყო იმპორტირებული ხილი. იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების დაწესებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ შემოსავლის გაზრდის მიზნით დაადგინა, რომ პომიდორი ბოსტნეულია.

აღნიშნულის გამო განაწყენებულმა იმპორტიორებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. საქმემ, საბოლოოდ, უმაღლესი ინსტანციის ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განმარტა: მართალია, ბოტანიკოსები პომიდორს მიიჩნევენ ხილად, მაგრამ რადგან მას მიირთმევენ საჭმელთან ერთად სხვადასხვა ფორმით და იზრდება ვენახში, სასამართლო ადგენს, რომ პომიდორი ბოსტნეულია.

ამდენად, ორაზროვნება გაფანტულია ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ამით ყველაზე ნაკლებად აღფრთოვანებულები, ალბათ, მოსარჩელე იმპორტიორები იქნებოდნენ. ზოგადად კი, ეს მაგალითი იმის ნათელ ილუსტრაციად გამოდგება, რომ სამართალი თემატურად ამოუწურავია და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რაზე არ მოუწევს სასამართლოს მსჯელობა.

წყარო