849 2014.12.03
მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები სამართალთან რაიმენაირად დაკავშირებული ადამიანებისთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა არა მხოლოდ - სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც არაა უმნიშვნელო ცნობილი კომპანიების შესახებ საქმეები, რადგან ამ გზით საკმაოდ ბევრი ინფორმაციის შეტყობა შეიძლება მათზე. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ მორიგ პოსტს, რომელიც "მაკდონალდსს" უკავშირდება. ფაქტია, რომ ეს მულტინაციონალური კომპანია გამოირჩევა სასამართლო დავებში ხშირი მონაწილეობით და, უნდა ითქვას, რომ, უმეტესად, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.

1980 წელს "ლონდონის გრინპისი" წარმოადგენდა მცირე ჯგუფს, რომელიც ახორციელებდა სხვადასხვა კამპანიებს სოციალური სამართლიანობის თემაზე. იმ დროისთვის ამ ასოციაციის წევრების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო "მაკდონალდსი", რამდენდაც მას მიიჩნევდნენ ყველა იმ პრობლემის გამომწვევად, რომლებსაც ისინი თავიანთი სამოქალაქო საქმიანობით ებრძოდნენ. 1986 წელს "გრინპისმა" მოამზადა პროკლამაცია, რომლითაც "მაკდონალდსს" ადანაშაულებდა ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ტყეების გაჩეხვაში, დასაქმებულთა ექსპლუატაციაში და არაჯანსაღი კვების პროდუქტების გაყიდვაში. ეს პროკლამაციები დაეგზავნა "მაკდონალდსის" რესტორნებს ლონდონის მასშტაბით.

"მაკდონალდსს" არ ჰქონდა განზრახული სასამართლოში ეჩივლა ასოციაციისთვის და მხოლოდ 5 აქტივისტი დაიბარა ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნით. ყველა აქტივისტმა დათმო პოზიციები, გარდა ჰელენ სტილისა და დეივ მორისისა, რომელთაგან პირველი იყო მიმტანი ერთ-ერთი ღამის კლუბში და მეორე ლონდონის ფოსტალიონი. თუმცა ორივემ უარყო პროკლამაციების გავრცელება. შედეგად, 1990 წელს მაკდონალდსმა უჩივლა ცილისწამებისთვის ჰელენსა და დეივს.

სტილს და მორისს იმ დროისთვის არ ჰქონდათ ფული სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის დასაქირავებლად, მაგრამ გადაწყვიტეს მაინც არ დაეთმოთ პოზიციები იმ მოტივით, რომ დაემტკიცებინათ, რომ მულტინაციონალური კომპანიების გაკრიტიკების უფლება არ უნდა შეილახოს იმის გამო, რომ მეორე მხარეს ღარიბი და ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებული სამოქალაქო აქტივისტები არიან.

სასამართლო პროცესი 1994 წელს დაიწყო ლონდონის სასამართლოში. საქმეს ეწოდა McLibel Trial ანუ მაკ-ცილისწამების პროცესი. "მაკდონალდსმა" დაამტკიცა, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც გავრცელებულ პროკლამაციაში იყო მოყვანილი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მიუხედავად ამისა, მედიისთვის დიდი სანახაობა გამოდგა სასამართლო პროცესი, სადაც "მაკდონალდსის" 2 აღმასრულებელ დირექტორს მოუწია ამდგარიყო და პასუხები გაეცა ორი აქტივისტის კითხვებზე.

აქტივისტები ფიქრობდნენ, რომ პროცესი სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდებოდა, სინამდვილეში, 6 წელი გაგრძელდა და იმ დროისთვის ინგლისის ისტორიაში ყველაზე გრძელ პროცესად ჩაითვალა. სასამართლომ ცილისწამებაში დამნაშავეებად მიიჩნია სტილი და მორისი და დააკისრა 60 000 ევროს გადახდა. ცილისმწამებლებმა დაიფიცეს, რომ არასდროს გადაიხდიდნენ ამ თანხას და "მაკდონალდსმაც" უარი თქვა მათ იძულებაზე, სავარაუდოდ, პიარზე ზრუნვის მოტივით.

სტილისა და მორისისთვის ეს საქმე მორალური გამარჯვების სიმბოლო გახდა, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ უბრალო ადამიანების სიტყვის თავისუფლება ძლიერი მულტინაციონალური კომპანიების წინააღმდეგაც მყარად დაცვადი სიკეთეა.

წყარო