ფრთხილად - ეს კიბერდანაშაულია!1308 2014.11.14
ფრთხილად - ეს კიბერდანაშაულია!
ჩვენს დროში ინტერნეტის მზარდი მნიშვნელობა უდავოა. ერთი მხრივ, ეს აუცილებელი პირობაა გლობალიზაციისთვის, რასაც, თავისთავად, ბევრი დადებითი ეფექტი აქვს, მეორე მხრივ კი, უამრავ საფრთხეს შეიცავს უსაფრთხოებისთვის, რომელიც შეძლება იყოს როგორც პირადი, ისე - სახელმწიფო. ამ საკითხით დაინტერესებულებს გთავაზობთ ბაზისურ ინფორმაციებს ინტერნეტის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების სხვადასხვა ასპექტებზე და მოგიწოდებთ ამ კუთხით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისკენ.

როცა საქმე კიბერუსაფრთხოებას შეეხება, პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ კანონის იმ ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს კიბერდანაშაულს - ანუ იმ დარღვევებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ინტერნეტის კეთილსინდისიერი მომხმარებელი არასდროს დაინტერესდება სხვისი პირადი ინფორმაციის მიღებით უკითხავად მაშინაც, როცა ეს განსაკუთრებული ჰაკერული მანიპულაციების გარეშეც შეუძლია. ჩვენი პოსტები განკუთვნილია სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებელთათვის, რომლებსაც სჭირდებათ საკუთარი უფლებებისა და მათი რეალიზაციის შესაძლებლობების ცოდნა. მთავარი კითხვაა - როგორ დავიცვათ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებიც გარკვეული ტექნოლოგიური უნარების საშუალებით ჩვენს პირად მონაცემებთან წვდომას ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ახერხებენ? საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური თავია გამოყოფილი, სახელწოდებით - კიბერდანაშაული, რომელიც სულ სამ მუხლს აერთიანებს:

მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.2. იგივე ქმედება:ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;გ) არაერთგზის;დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.შენიშვნა:1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.4. ამ თავში მნიშვნელოვნად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება

1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;გ) არაერთგზის;დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.შენიშვნა:ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა

1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;გ) არაერთგზის;დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.შენიშვნა:ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

რადგან სფერო სპეციფიკურია და ტექნიკური ტერმინების გამოყენებას მოითხოვს, კანონმდებელი ცდილობს მაქსიმალურად განმარტოს, რა იგულისხმება ნორმებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებში. 284-ე მუხლი, ზოგადად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ხდის დასჯად ქმედებად. კომპიუტერული სისტემა არაუცილებლად უკავშირდება კომპიუტერს, შეიძლება მობილური ტელეფონის სამუშაო სისტემის ასეთად განხილვაც, როგორც მუხლის შენიშვნაშია მითითებული. ამგვარად, ნებისმიერი სისტემა, რომელშიც რაიმე ფორმით ელექტრონული ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი, განიხილება კომპიუტერულ სისტემად, რომელთანაც უნებართვო წვდომა დანაშაულია და ასეთი ქმედების ავტორი თავს იმით ვერ იმართლებს, რომ დაზარალებული უყურადღებოდ იქცეოდა და ხელმისაწვდომობის შესაზღუდად რაიმე ზომა არ მიუღია. 285-ე მუხლი კრძალავს იმას, რაც ლოგიკურად მოჰყვება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ანუ კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას. კომპიუტერული მონაცემი, განმარტების მიხედვით და მარტივად რომ ვთქვათ, არის ნებისმიერი ფორმატისა და დანიშნულების ფაილი, რომელიც შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, ამასთან, კომპიუტერული პროგრამებიც, რომლებიც სისტემის გამართულობას უზრუნველყოფს. თითქმის შეუძლებელია ისეთი ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული საშუალების წარმოდგენა, რომელსაც ეს მუხლი არ ეხება. აქ მნიშვნელოვანია ამგვარი კანონდარღვევის მიზანი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს 158-ე ან 159-ე მუხლების შესაბამის მოქმედებას ანუ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ანპირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას.

დაბოლოს, 286-ე მუხლითკომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა იკრძალება, რაცმონაცემის უნებართვო დაზიანებაში, წაშლაში, შეცვლასა ან დაფარვაში შეიძლება გამოიხატოს. ამდენად, კანონი აწესრიგებს ყველა შესაძლო პროცედურას, რაც შეიძლება განხორციელდეს კომპიუტერულ სისტემასა და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებით.

კიბერუსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ კომერციულ ორგანიზაციებს, რათა ბაზარზე სრულფასოვანი კონკურენციისთვის აუცილებელია გარკვეული ინფორმაციის "შიდა სამზარეულოში" დარჩენა, მისი გავრცელება კი შეიძლება საბედისწერო იყოს საწარმოსთვის. საფრთხის მნიშვნელობას სახელმწიფო სტრუქტურებიც აანალიზებენ, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება სწორედ კიბერუსაფრთხოებაა. ამას გარდა, რიგითი მოქალაქეები ხშირად შიშობენ პირადი ინფორმაციის სხვისთვის უნებართვოდ ხელმისაწვდომობაზე და ამის მიზეზიც აქვთ. ე.წ. ჰაკერებისთვის ხშირად ეს საქმიანობა გასართობია და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სფერო, თუმცა ხშირად რეალურად ვერ აცნობიერებენ, რამხელა პრობლემას უქმნიან სამიზნე ობიექტებს.

ამდენად, თუ ვინმე გემუქრებათ სხვადასხვა ანგარიშების ე.წ. გატეხით ინტერნეტში და თქვენზე გარკვეული ინფორმაციების შეტყობით, შეგიძლიათ მიუთოთ: ფრთხილად - ეს კიბერდანაშაულია! და არა მხოლოდ მიუთითოთ, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს მისცეთ საშუალება, დაიცვან თქვენი უფლებები.