კერძო იპოთეკარებისთვის საპროცენტო განაკვეთზე დაწესებული ლიმიტი 4%-ია671 2013.11.05
კერძო იპოთეკარებისთვის საპროცენტო განაკვეთზე დაწესებული ლიმიტი 4%-ია
სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც ”საკანონდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისათვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდესეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. შეზღუდვა არ ეხება ათას ლარამდე გაცემულ კრედიტებს. როგორც კანონმდებლები განმარტავენ, ცვლილების მიხედვით, 2014 წლის გაზაფხულამდე ზღვრული საპროცენტო განაკვეთი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით და თვეში 3.96%-ს შეადგენს. ”აღნიშნული ლიმიტი ითვალისწინებს ბაზრის კონიუნქტურას და ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების (ძირითადად 3%-4% თვეში) ფარგლებშია. მაშინ, როდესაც სამიზნე ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, დაახლოებით, 5% თვეში”, - აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სავალდებულო ხდება იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება; აღსრულების ეროვნულ ბიუროს კი იძულებით მართვის (სეკვესტრის) გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება, რომლის გამოყენების წესსა და პირობებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არეგულირებს. ”იპოთეკა თანამედროვე რეალობაში არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ კრედიტორის (ე.წ. „მევახშეების“) ძირითადი ინტერესი გახდა. ხშირ შემთხვევაში კრედიტორი თავადაა დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული ქონების დასაკუთრების შესაძლებლობა. კრედიტორისადმი ზედმეტად ლოიალურია პროცენტიანი სესხის მარეგულირებელი ნორმებიც, რომლებიც მას სრულ თავისუფლებას ანიჭებს, სესხად გაცემული თანხიდან ნებისმიერი ოდენობის სარგებელი მიიღოს”, -აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში. როგორც კანონმდებლები აცხადებენ, დღეს დასაშვებია პროცენტიდან პროცენტის მიღებაც, რაც კიდევ უფრო ართულებს მოვალის მდგომარეობას, შესაბამისად, მოვალეების უმრავლესობა საცხოვრებლის გარეშე რჩება. ”კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების მოწესრიგება და, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალის სამართლებრივი დაცვის დამატებითი მექანიზმების შექმნა”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. წყარო bpi.ge