სარდაფებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამარტივდა3000 2013.07.23
სარდაფებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამარტივდა
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და მათ წევრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთსაჯარო რეესტრშისარდაფებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელონ. ცვლილებები დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ეკატერინე დანელიამ და საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე კერესელიძემ გააცნეს. დანელიას განცხადებით, 2008 წლიდან საქართველოს ყოფილი მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრი სარდაფების საკუთრების უფლების რეგისტრაციას არ ახორციელებდა იმ მოტივით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ სარდაფზე შესაძლოა სახელმწიფოს ჰქონოდა საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის ინტერესი. მისივე თქმით, კომერციული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობის არსებობისას, აღნიშნულ ფართზე სახელმწიფო ახორციელებდა მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და შემდეგ მის პრივატიზებას ახდენდა. როგორც ეკატერინე დანელიამ განმარტა, ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები გამოსწორებულია. მისი თქმით, ძირითად პრობლემას სარდაფების დეფინიციის არარსებობა ქმნიდა. დანელიას განცხადებით, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებით, განისაზღვრა ის საინჟინრო-ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც აუცილებელია სარდაფის სტატუსის მინიჭებისთვის. კერძოდ, დადგენილებაში სარდაფი განმარტებულია, როგორც მიწისქვეშა სართულში განთავსებული სათავსი/სადგომი, რომლის ჭერის ამოწევის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 70 სმ-ს არ აღემატება. დანელიას განცხადებით, მოცემული განმარტების საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებისთვის და საჯარო რეესტრისთვის მარტივდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ქონების იდენტიფიცირება და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. როგორც დანელიამ აღნიშნა, 2008 წლიდან დღემდე ეკონომიკის სამინისტროში შესულია 600-მდე განცხადება სარდაფის, როგორც სამეურნეო სათავსის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის მისაღებად. თავის მხრივ, როგორც საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე კერესელიძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს დღეს უკვე შეუძლიათ წარადგინონ უწყებაში სარდაფის აზომვითი ნახაზი და შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ უძრავი ქონება სარდაფის კრიტერიუმებს შეესაბამება. დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს იმ აზომვითი კომპანიის მიერ, რომელმაც მოცემული ქონების აზომვა განახორციელა. მათ კი, ვისაც შესაბამისი განცხადება უკვე შეტანილი ჰქონდათ თავის დროზე საჯარო რეესტრში, სარდაფზე რეგისტრაციის მოპოვება ძველი აზომვითი ნახაზის ან სარდაფის კრიტერიუმების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაციით შეუძლიათ. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ პრივატიზების შედეგად უკვე გასხვისებულ სარდაფებს, მათი საკითხი მყიდველის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად აღარ გადაიხედება. წყარო news.ge