უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები იზრდება978 2013.07.18
უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები იზრდება
2013 წლის 17 ივლისიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერისათვის, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებისათვის - ნაცვლად 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმისა უკვე გათვალისწინებულია 2000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების, ასევე, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. ცვლილებების მიხედვით, პირს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფაქტის გამოვლენის დროს მას არ აღმოაჩნდება უკანონოდ მოპოვებული თევზი ან სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ცალსახად დგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სანქციები, უფრო ლიბერალური გახდა აღნიშნული მუხლის ზოგიერთი პუნქტი. კერძოდ, თუ ცვლილებამდე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდებოდა სამართალდარღვევის იარაღისა და დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ერთდროულად ჩამორთმევა, დღეს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პირველ ჯერზე ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდება მხოლოდ უკანონოდ მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჩამორთმევა. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი იზრდება ჯარიმის ოდენობა და უკანონოდ მოპოვებულ ობიექტთან ერთად ხდება სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ცვლილებები და ერთად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე.