OK & CG–ის გუნდს უკვე პატენტრწმუნებულიც ჰყავს873 2013.07.08
OK & CG–ის გუნდს უკვე პატენტრწმუნებულიც ჰყავს
საადვოკატო ბიურო OK & CG მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენმა ადვოკატმა, თამარ სურმავამ წარმატებით გაიარა საქპატენტის სპეციალური ატესტაცია და მოიპოვა პატენტრწმუნებულის სტატუსი. შესაბამისად, დღეიდან მას და ჩვენს საადვოკატო ბიუროს შეუძლიაგაუწიოს მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები და სხვ.) განაცხადების შედგენის, რეგისტრაციის, დამცავი დოკუმენტების მიღების, მათი ძალაში შენარჩუნების, გამოყენების, უფლებების გადაცემის, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის, უფლებების დაცვის და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პატენტრწმუნებულის დახმარებას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: განაცხადის მასალები ქმნიან საფუძველს შემდგომი პროცედურებისათვის, რომელთა გავლა აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილი უფლების მოსაპოვებლად. განაცხადის შეტანის ეტაპზე დაშვებული შეცდომები სამომავლოდ შეიძლება ვეღარ აღმოიფხვრას ან დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს. საპატენტო უწყებასთან შესაძლო დისკუსიის დროს, მაგალითად, გამოგონების პატენტუნარიანობაზე ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში გამოცდილების ქონას, კერძოდ, იმის ცოდნას თუ კონკრეტულ შემთხვევაში რისი მიღწევაა შესაძლებელი და შესაბამისი არგუმენტაციის უნარს. საპატენტო უწყების პროცედურები ძალზედ კომპლექსური და რთულია, მოითხოვს სპეციალური კანონებისა და ინსტრუქციების ცოდნას. თუ განაცხადის მასალებში მოთხოვნები არ არის სწორედ ფორმულირებული, მოპოვებული უფლება სამრეწველო საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე შესაძლოა არაფრის მომცემი გახდეს. პატენტრწმუნებულის მიერ წინასწარ ჩატარებული შეფასება/ანალიზი და კონსულტაცია გამორიცხავს ისეთი განაცხადების შეტანას, რომლებზედაც უარის მიღება საპატენტო უწყებიდან გარდუვალია და რაც მხოლოდ განაცხადის შეტანისათვის საფასურის გადახდასა და სხვა დამატებით ხარჯებს გამოიწვევდა. საერთაშორისო/რეგიონალური პატენტის ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოპოვებისათვის და შესაბამისი სტრატეგიის განსასაზღვრავად საჭიროა სპეციალური და ზუსტი ცოდნა იმისა, თუ როდის რა არის შესაძლებელი და რა როგორ მიიღწევა. საადვოკატო ბიურო OK & CG–ის გუნდი ულოცავს თამარს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.