საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება1766 2013.06.26
საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება
პარლამენტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო ტარიფების გადახედვას იწყებს. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმმა" მოამზადა. ინიციატივის ავტორი კი დეპუტატი თემურ მაისურაძეა. ინიციატივის თანახმად, მცირდება როგორც საგზაო წესების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა, ასევე ამ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები.მისი გადახდის ვადები კი იზრდება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება. კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას დადგენილი წესების დარღვევა 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 10 ლარით განისაზღვრება. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, 50 ლარის ნაცვლად გამოიწვევს 25 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საჯარიმო სანქციები მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშნებზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევებზეც მცირდება. სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებების ნაცვლად, მის 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ისეთ შემთხვევებში, როცა სიჩქარის გადაჭარბებას შედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება, მძღოლი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება. მცირდება გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული სანქცია და ასეთი ქმედება 25 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 50 ლარისა. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ნაცვლად 30 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ნახევრდება ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზეც და ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე ნახევრდება ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე მცირდება. საგზაო და ამკრძალავი ნიშნების დარღვევა, რომელსაც შედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება მოჰყვა, რომელმაც საცობის წარმოქმნა გამოიწვია, მძღოლის 200 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. წყარო liberali.ge