განაჩენის აღსრულების გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო1171 2013.05.22
განაჩენის აღსრულების გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
22 მაისს, სასტუმროში „რედისონი“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „განაჩენის აღსრულების გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“. შეხვედრას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად ესწრებოდნენ ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის და იუსტიციის სამინისტროების, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები და სახალხო დამცველი. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებზე, რასაც მსჯავრდებულები აწყდებიან სასჯელის გადავადების პროცედურის დროს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283 -ე მუხლი საშუალებას იძლევა სასამართლომ მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება გადაუვადოს მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე სასამართლოს განჩინებებში/განაჩენებში ხშირად ვერ ხდება სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის დასაბუთება და სასამართლო გადაწყვეტილებები იმ დაავადებათა ჩამონათვალზე დაყრდნობით მიიღება, რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. "წლების განმავლობაში ციხეებში ჯანმრთელობის დაცვა იყო უმთავრესი პრობლემა, ამ მხრივ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ამოქმედდა ე.წ.აქტირების კომისია, აქტირების ახალი კრიტერიუმები, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მექანიზმი პაციენტის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადება, ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად. მაგრამ ეს გზა ჯერ პრაქტიკულად ვერ ამოქმედდა. დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დავსახოთ როგორ იმოქმედებს სასამართლო უფრო ეფექტურად ამ მიმართულებით, ეს მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ მათ არ აქვთ ნათელი კრიტერიუმები, ამის მარტივი მაგალითია ის, რომ რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში სამჯერ მეტი ადამიანები გავიდა ციხეებიდან აქტირებით, ვიდრე გადავადებით, მაშინ როდესაც პირიქით უნდა იყოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მრგვალი მაგიდა გაიმართა ევროკავშირის ორგანიზებით.