იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას ქმნის685 2013.05.20
იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას ქმნის
მართლმსაჯულების ხარვეზების დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს ორ ექსპერტს დასკვნისათვის გადაუგზავნა. კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება. კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში. კომისიას შეეძლება ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. სტრასბურგში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიამ მოცემულ კანონპროექტზე დასკვნა ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავოს იუსტიციის სამინისტროს მიზანია, ივნისშივე შეიტანოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რათა სახელმწიფო კომისია საქმეების შესწავლას შემოდგომიდან შეუდგეს და მისი დასკვნების საფუძველზე უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს. იხ. კანონპროექტი