ნოტარიუსის თანამდებობაზე 60 ადგილია ვაკანტური1521 2013.05.17
ნოტარიუსის თანამდებობაზე 60 ადგილია ვაკანტური
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. როგორც თეა წულუკიანმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , ახლად დანიშნულმა ნოტარიუსებმა ახალ მთავრობას მისცეს საშუალება იმ რაიონის დაფარვისა, რომლებშიც ერთი ნოტარიუსიც კი არ მუშაობდა. ნოტარიუსები დაინიშნენ თიანეთის, თერჯოლის, წყალტუბოს, ქარელის, ოზურგეთის რაიონებში. ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანსა და ბათუმთან ახლოს, ხოფაში. მინისტრის განმარტებით, ნოტარიუსის გარეშე, კიდევ რვა რაიონია დარჩენილი. "ნოტარიუსები, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ, რომ სირთულეების მიუხედავად რაიონებში წავიდნენ, იმუშაონ და ყველა მაინცდამაინც ვაკეში და ვერაზე არ დაფუძნდეს, არის ჩემი მხრიდან ძალიან დასაფასებელი და მე მათთან მადლობის სათქმელად მოვედი, იმ ხალხის სახელით, ვისაც ისინი მოემსახურებიან", - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის, ბაჩანა შენგელიას განმარტებით, ნოტარიუსების რეგიონებში დანიშვნა სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოში იყო რეგიონები, სადაც ნოტარიუსები არ მუშაობდნენ, რის გამოც, მოქალაქეებს მომსახურების მისაღებად ასეულობით კილომეტრის გავლა უწევდათ. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო საქმიანობაში ხელი მაქსიმალურად შეეწყობათ. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს ტექნიკურად აღჭურვას უზრუნველყოფს. ასევე, შეღავათებით ისარგებლებენ ის კანდიდატები, რომლებიც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას რეგიონებში გადაწყვეტენ. 18 მაისს, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა, ხოლო 29 მაისს ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსი ჩატარდება. საქართველოში ამაჟამად, 240 ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი აქვს. წყარო "ინტერპრესნიუსი"