გარემოს დაცვის სამინისტროს გაფრთხილება ე.წ ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით778 2013.04.26
გარემოს დაცვის სამინისტროს გაფრთხილება ე.წ ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით
გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თურამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება. ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან. ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას."