იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს მიმართავს817 2013.04.22
იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს მიმართავს
„ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს - მაგდა როყვას (ოზურგეთი), მინდია ღაღანიძეს (თერჯოლა), ნანი ბარბაქაძესა (წყალტუბო) და ელენა გელაძეს (თიანეთი) ვუხდი მადლობას როგორც იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, იმისათვის, რომ მოგვცეს საშუალება დაგვეფარა ის რაიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ნოტარიუსი საერთოდ არ ჰყავდა. მათი სახელმწიფოებრივი მიდგომა საქმისადმი, იმედია, მაგალითს მისცემს სხვებსაც და მალე საქართველოს არც ერთი რაიონი აღარ იქნება დარჩენილი სანოტარო მომსახურების გარეშე“. იუსტიციის სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ საქართველოს ყველა რაიონს ნოტარიუსი ჰყავდეს. წლეულს იანვარში ნოტარიუსი დაინიშნა ოზურგეთში, აპრილში კი - თერჯოლაში, თიანეთსა და წყალტუბოში. მართალია, კანონი ნოტარიუსს არ ავალდებულებს, კარიერის დასაწყისში რომელიმე ერთ ადგილს ან რაიონს დაუკავშიროს თავისი საქმიანობა, მაგრამ სანამ კანონი ამ მხრივ დაიხვეწება, საქართველოს არაერთი რაიონი ნოტარიუსის გარეშე რჩება. ნოტარიუსობის კანდიდატთა უმრავლესობას თბილისში დაფუძნება სურს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პირადად მონაწილეობს კანდიდატებთან გასაუბრებაში და მათ იმ რაიონებში დაფუძნების მნიშვნელობას უხსნის, სადაც მოქალაქეებს ერთი ნოტარიუსიც კი არ ჰყავთ და სანოტარო მომსახურების მისაღებად საათობით მგზავრობა უწევთ. იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერითა და ნოტარიუსთა პალატის დახმარებით სარგებლობენ ის კანდიდატები, რომლებიც რაიონში დაფუძნებას თანხმდებიან და იმ საჯარო ინტერესს პასუხობენ, რომლის დაკმაყოფილებაც სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა. აღნიშნულ კანდიდატებს ოფისის მოწყობის თუ თავიანთ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატა აქტიურად ეხმარებიან. ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსთა მორიგი საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარე წლის 18 მაისს არის დანიშნული. გამოცდის მთავარი მიზანია ნოტარიუსების შერჩევა იმ ცხრა რაიონისთვის, სადაც ნოტარიუსი არ არის. ესენია: ონი, ასპინძა, ცაგერი, ლანჩხუთი, მესტია, ქედა, ლენტეხი, ადიგენი და ვანი. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს მოცემულ რაიონებში მცხოვრებ იურისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, გამოიჩინონ ინტერესი და სცადონ ბედი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი აუცილებელი მომსახურება, როგორიც სანოტარო მომსახურებაა.