რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი სურსათის ეტიკეტზე1877 2013.04.15
რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი სურსათის ეტიკეტზე
საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურია საკვები პროდუქტების ხარისხის საკითხი. მომხმარებლები პროდუქტს, ძირითადად, ფასის მიხედვით არჩევენ. იაფი პროდუქტი კი ხშირად ჯანმრთელობისათვის საზიანოა. თუმცა არც ძვირი ფასია იმის გარანტია, რომ საკვები უსაფრთხოა. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მოგცემთ მისი შემადგენლობის შესახებ და შეგეძლებათ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაიცვათ. პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეთ, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი ეტიკეტზე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, აუცილებელია ეტიკეტზე ქართულ ენაზე და გამოსაჩენ ადგილზე იყოს დატანილი შემდეგი სახის ინფორმაცია: პროდუქტის დასახელება (იგი უნდა იყოს განთავსებული გამოსაჩენ ადგილას); პროდუქციის დამამზადებლის ან იმპორტიორის საფირმო სახელწოდება და მისამართი, დამამზადებელი ქვეყანა; დამზადების თარიღი – ვარგისობის/შენახვის ვადა, საქონლის ვარგისობის ბოლო თარიღი; ზოგ შემთხვევაში შენახვის სპეციალური პირობები, შეფუთვის თარიღი და შეფუთვის მეთოდი; წონა ან მოცულობა – თუ სურსათი წარმოადგენს სითხეში მოთავსებულ ხილ–ბოსტნეულს, მაშინ, საერთო მასასთან ერთად უნდა მიეთითოს ამ ხილ–ბოსტნეულის მასა სითხის გარეშე; ტექნიკური რეგლამენტის და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა პროდუქტის დამზადება; პროდუქტის შემადგენლობა – კეთდება დასახელებასთან ახლოს გამოსაჩენ ადგილას (პირველი მიეთითება ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია, შემდეგ – დანარჩენები); პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებები: კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათ შესაძლო უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთხვევაში, კონსერვანტების, არომატიზატორების, მღებავების, საკვები დანამატების სია; პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები, მომზადების მეთოდები; ვეტერინალური და საქონელმცოდნის დამღები; პროდუქციის სახე ან ტიპი, თერმული მდგომარეობა, დამუშავების მეთოდი; სურსათში არომატიზატორის გამოყენების შემთხვევაში - მათი ტიპის მითითება; დამატებითი ინფორმაცია. თუ ეტიკეტზე აღნიშნული ინფორმაცია არასრულყოფილად ან საერთოდ არ არის დატანილი, ეს უკვე გარკვეულ ეჭვებს იწვევს მის ხარისხთან დაკავშირებით. თუმცა, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია არ არის გარანტია იმისა, რომ პროდუქტი უმაღლესი ხარისხისაა.