რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო მე–18 საუკუნეში909 2013.04.10
რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო მე–18 საუკუნეში
როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტროს არქივი ბევრ საინტერესო დოკუმენტს ინახავს. მათ შორისაა სხვადასხვა სასამართლო დავების შესახებ გადაწყვეტილებები. ზოგიერთი მათგანი დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. არქივის ერთ–ერთი დოკუმენტი უკანონოდშობილის მემკვიდრეობის საქმეს ეხება. მღვდელ სტეფანე ბილანიშვილს მამულს ედავებოდნენ თევდორე დარჩაშვილის ქვრივი ანა და მისი შვილი გოგია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტეფანე და თევდორე ერთი მამის შვილები - ძმები იყვნენ, ამიტომ ბილანიშვილების მამული ძმებს შორის უნდა გაყოფილიყო და თევდორეს ცოლ-შვილს მამულიდან წილი მიეღო: „იმათი სახლიკაცი ვართ და მამულში წილს არ გვიდებსო." 1798 წლის 22 მაისს დარჩაშვილების საჩივარი სასამართლოში გაირჩა. მსაჯულებმა სარჩელი მოისმინეს, ზედმიწევნით გამოიძიეს და დაადგინეს, რომ თევდორე უკანონოდშობილი იყო - „ცოდვის შვილი აღმოჩნდა." ასეთ შემთხვევაში, ვახტანგ VI-ის კანონის 110-ე მუხლი ითვალისწინებს: უკანონოდშობილის „წილი არ არის მამულში. თუ თავის ძმებს ეყმობა, ძმებმან ერთის ყმის ალაგს უნდა არჩნონ. და თუ არ უნდა ძმებთან ყოფნა, იმათთან არაფერი წილი არა აქვს. მამას თუ ან ბუშისთვინ და ან მართლის შვილისთვინ სიცოცხლეში მიუცია რამე, ის არ ჩაითვლების, იმისია ვისთვინაც მიუცემია." სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 110-ე მუხლის საფუძველზე: თევდორეს ცოლ-შვილი სტეფანეს მამულში ვერ შეეცილება და წილს ვერ მიიღებს, მაგრამ „თუ ეს გოგია თავის თავს ყმად მისცემს, სტეფანემ მამული უნდა მისცეს და ყმად დაისახლოს. და თუ ყმად არ დაუსახლდება, მამულში სახლიკაცობით წილი არ დაედება სამართლის ძალით." განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იასაულებმა - გოგია ფოცხვერაშვილმა და იოსებ ბოსტაღანასშვილმა. ერთ–ერთი დოკუმენტი ნაპოვნი ნივთის საქმის განხილვას ეხება.სახლთუხუცეს ლევანის მხევალს თავისი ბატონის საყურეები მიჰქონდა. გზაში საყურე დაუვარდა და დაკარგა. სამკაული ერთმა ღარიბმა კაცმა იპოვა და ოქრომჭედელ პაპას იაფად მიჰყიდა. ნივთის პატრონმა სასამართლოში განაცხადა დანაკარგის შესახებ. სამკაული ოქრომჭედლებში მოიკითხეს. პაპა ოქრომჭედელმა სასამართლოს დაუმალა საყურის ყიდვის შესახებ, მაგრამ სიმართლე მაინც გაირკვა და მას როგორც ქურდს, ისე დააკისრეს სასჯელი. პაპას მიუსაჯეს საყურეების საზღაური ოცი თუმანი. ამ ოცი თუმნიდან რვა თუმანი აპატიეს. დარჩენილი თორმეტი თუმნიდან ხუთი მპოვნელს დააკისრეს - „იმიტომ რომე, რატომ არ დაიძახა - ვისი არისო?." მომზადებულია justice.gov.ge–ის მიხედვით