ნადირობა საქართველოში – მონადირეთა უფლებები და სანქციები2128 2013.04.02
ნადირობა საქართველოში – მონადირეთა უფლებები და სანქციები
რა დოკუმენტი არეგულირებს საქართველოში ნადირობის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს? ინტერნეტ–ჟურნალ “ამბიონს”ნადირობის შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG -ის ადვოკატითამარ სურმავაესაუბრა: “ცხოველთა სამყარო ქვეყნისა და მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და მისი დაცვა სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.სწორედ სახელმწიფოა ვალდებული არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ პრაქტიკულად განახორციელოს ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ზემოთ მითითებულ მიზანს მოემსახურება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა სამყარო მოიცავს ,“ყველა სახის გარეული ცხოველის ერთობლიობას, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.” ცხოველთა სამყარო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობის უფლება კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში, ენიჭებათ ფიზიკურ პირებს. სარგებლობა საკუთარ თავში მოიცავს მათ შორის ნადირობას, თევზჭერას და ა.შ. დღევანდელი მდგომარეობით ნადირობის საკითხებს ეხება არა ერთი ნორმატიული აქტი. მათ შორის უნდა აღინიშნოს, საქართველოს კანონი “ცხოველთა სამყაროს შესახებ,” რომლის მიზანსაც წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა. “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებს, რომელზე ნადირობაც არის შესაძლებელი. “ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება. “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნადირობის ვადებს კონკრეტულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებთან მიმართებით. “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება. ზემოთ მითითებული დოკუმენტები გახლავთ ის ძირითადი აქტები, რომლითაც დარეგულირებულია ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, შესაძლებელია სამართლებრივი აქტი არ იყოს ყველა ყოფითი ურთიერთობის მარეგულირებელი და მასში იყოს კონკრეტული ხარვეზები, თუმცა სწორი სახელმწიფო გარემოს/ცხოველთა სამყაროს დაცვითი პოლიტიკის პირობებში მოცემული დოკუმენტები უზრუნველყოფენ ჯანსაღი და ცოცხალი ბუნების შენარჩუნებას.” საქართველოს რომელ ტერიტორიაზე იკრძალება ნადირობა? დღეს მოქმედი კანონდებლობა განსაზღვრავს ნადირობის ცნებას. კერძოდ, „ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.“ “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, “ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში (გარდა გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვ. ნადირობისა), აღკვეთილებში (აღნიშნული გახლავთ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია), დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად სანადიროდ გამოყოფილ ზონებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, იხვი და სხვა) ნადირობა ასევე დაიშვება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” ბუნებრივია, ყველა ტერიტორიაზე, რომელზედაც არ შედის ზემოთმითითებულ ჩამონათვალში აკრძალულია ნადირობა. “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, “ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 – მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.” რა არის საჭირო ნადირობის უფლების მოსაპოვებლად? ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის უფლება. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ მფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. რა სახის სანქციებია დაწესებული ნადირობის წესების დარღვევებზე? როგორც აღვნიშნეთ, კანონმდებლობა ითვალისწინებს.