რაში გვეხმარება ინფორმაცია ყადაღის არსებობის შესახებ964 2013.03.21
რაში გვეხმარება ინფორმაცია ყადაღის არსებობის შესახებ
ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მოცემული მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია, როგორც წესი გამორიცხავს მისი განკარგვის, ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით/გირავნობით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვის შესაძლელბლობას და „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნივთთან ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, გაცვლა, იჯარა, იპოთეკა/გირავნობა) დადებისას, მასზე არსებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი თავიდან აიცილებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდებოდა ყადაღადადებული ქონების შეძენის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,რომელსაც სურს კონკრეტულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე) ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად. აღნიშნული მომსახურების საფასური 10–დან 30 ლარამდეა,საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში კი აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.