უზენაესი სასამართლო მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს885 2013.03.06
უზენაესი სასამართლო მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა გამარტივებული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე საპროცესო დოკუმენტებში აღნიშვნისა და კანონით დადგენილი შემჭიდროებული ვადების დაცვის სავალდებულობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საქმე დაჩქარებულად და მარტივად განიხილება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, სარჩელი ამ წესით საქმის განხილვაზე მხარემ უნდა წარდგინოს და სასამართლო ვალდებულია საქმე გამარტივებული წესით აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარის მოთხოვნა, საქმე სასარჩელო წარმოებით განიხილება და მასზე საერთო საპროცესო ვადები ვრცელდება. დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაშ, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი, რომელიც ზიანის მიყეენბას ადასტურებს. ამ შემთხვევაშ სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და მიმდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა. ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით დასტურდება. ვინაიდან სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის გამოსაკვლევ საკითხთა წრე მცირდება, ასევე მცირდება საქმის განხილვის ვადაც. მოცემული ტიპის დავების გამარტივებული წესით განხილვა, პირველ რიგში, საქმის საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების ფარგლებში განხილვას გულისხმობს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები, ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე კარით გათვალისწინებული სხვა საქმეები, შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც გამარტივებული, ისე სრული სასარჩელო წარმოების გზით, საქმის განმხილველმა სასამართლომ საპროცესო დოკუმენტებში, პირველ რიგში კი, სხდომის ოქმში, ზუსტად უნდა მიუთითოს წარმოების ფორმა. იხ. დოკუმენტი სრულად >>სასამართლოს გადაწყვეტილება