სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება და მისგან გათავისუფლება1654 2013.03.05
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება და მისგან გათავისუფლება
საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ადგენს გარკვეულ გარემოებებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პირი გათავისუფლდება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს; ასპირანტი; პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას. გარდა ამისა, კანონი პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას სამხედრო ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი. რაც შეეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, წვევამდელს გაწვევა გადაუვადდება, თუ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე; მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი; არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა; მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა; არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; არის დედისერთა; მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით; ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.