აუქციონზე ჯონ ლენონის მკვლელის წერილები იყიდება890 2013.02.22
აუქციონზე ჯონ ლენონის მკვლელის წერილები იყიდება
ჯგუფ The Beatles-ის მუსიკოსის ჯონ ლენონის მკვლელის, მარკ დევიდ ჩეპმენის წერილები აუქციონზე იყიდება. ეს ის წერილებია, რომლებსაც მკვლელი დაპატიმრების შემდეგ, 1983 წელს პოლიციელ სტივენ სპიროს სწერდა. ჩეპმენი წერილებში პოლიციელთან მეგობრობის სურვილს გამოთქვამდა, სპირო კი იმედოვნებდა, რომ ამ წერილებით დანაშაულის მოტივის ახსნას შესძლებდა. თუმცა წერილები მალე შეწყდა. 15 იანვრით დათარიღებულ წერილში ჩეპმენი პოლიციელს სთხოვს მოძებნოს ჯერომ სელინჯერის წიგნი "თამაში ჭვავის ყანაში", რომელიც მას დაკავებისას ჰქონდა თან. როგორც ჩეპმენი წერს, ეს წიგნი არის მისი მანიფესტი. წერილების საწყისი ფასი 75 000 დოლარს შეადგენს. მფლობელის თქმით, მათი გაყიდვა დოკუმენტების ისტორიული მნიშვნელობის და უსახსრობის გამო გადაწყვიტა. ჩეპმენმა ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ იორკის ცენტრალურ პარკთან ახლოს, მის საცხოვრებელ ბინასთან ესროლა. მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ჩეპმენს შარშან აგვისტოში მეშვიდედ ეთქვა უარი ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე. ამის მიუხედავად ის მაინც აპირებს 2014 წელს კიდევ ერთხელ ითხოვოს გათავისუფლება, რისი შანსიც თითქმის არ არსებობს. როგორც მუსიკოსის ქვრივი იოკო ონო აცხადებს, ჩეპმენის გათავისუფლება წარმოადგენს საფრთხეს როგორც ლენონის ორი ვაჟის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. მკვლელობის დროს ჩეპმენი 25 წლის იყო და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.