რა დროსაა აუცილებელი პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა1911 2013.02.15
რა დროსაა აუცილებელი პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა
საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ მკურნალობის ჩატარების რიგი შემთხვევებისათვის ადგენს პაციენტის ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობას. ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია: სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ; სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ; პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ; განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტებისა და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ჩამოთვლილთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ; აუცილებელია, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ პაცინეტს ან მის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდოს მკურნალობის დაწყებამდე და მხოლოდ წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყოს შესაბამისი სამედიცინო პროცედურის ჩატარება. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურებისას: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა; აბორტი; ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია; მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია; ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი; ექსტრაკორპორული განაყოფიერება; გენეტიკური ტესტირება; გენური თერაპია; სხივური თერაპია; ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია; ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია ასევექმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.