797 2013.01.29
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, უკვე ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. პროექტი „საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. www.matsne.gov.ge-ს ვიზიტორებს შეუძლიათ მთავარ გვერდზე, ფანჯარაში - „კანონპროექტები", მოიძიონ იუსტიციის სამინისტროს საკნონმდებლო ინიციატივა, გაეცნონ მას და დატოვონ საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები. როგორც სამინისტროში აცხადებენ,ყველა ჩანაწერს გაეცნობიან, გაანალიზებენ და გონივრული შენიშვნები კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახება. შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ 22 იანვარს გამართა.შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა. შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით ეს საკითხი მთლიანად იცვლება; ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულების ფორმატი, რომელიც, ძირითადად, ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა; არასათანადოდ იყო დარეგულირებული კოლექტიური ხელშეკრულების, შრომითი დავების მედიაციისა და სოციალური პარტნიორობის საკითხები; ფაქტობრივად, არ ანაზღაურდებოდა ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. აღნიშნული და რიგი სხვა საკითხები შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება. იხ. კანონპროექტი