იუსტიციის სამინისტრომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი წარადგინა733 2013.01.23
იუსტიციის სამინისტრომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი წარადგინა
იუსტიციის სამინისტრომ  შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, პროფესიული კავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე  გათავისუფლება იმსახურებდა. შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით ეს საკითხი მთლიანად იცვლება; ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულების ფორმატი, რომელიც, ძირითადად, ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა; არასათანადოდ იყო დარეგულირებული კოლექტიური ხელშეკრულების,  შრომითი დავების მედიაციისა და სოციალური პარტნიორობის  საკითხები;  ფაქტობრივად, არ ანაზღაურდებოდა  ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. აღნიშნული და რიგი სხვა საკითხები შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება. ცვლილებების შემუშავებისთვის იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც   არსებული კანონმდებლობის ხარვეზების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. სამუშაო ჯგუფმა კონსულტაციები გამართა რიგი სამინისტროების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა სხვადასხვა გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. იუსტიციის სამინისტრომ მჭიდრო კონტაქტი დაამყარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO).