კანონით დაცული პაციენტის უფლებები1891 2013.01.20
კანონით დაცული პაციენტის უფლებები
ჯანმრთელობა და მისი დაცვა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე ყველა თანხმდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა უფლებები გააჩნია პაციენტს, რა შეგვიძლია მოვითხოვოთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან და როგორ მივიღოთ ინფორმაცია ჩვენი მკურნალობის შესახებ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. კანონის მიზანია  მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.  ამ კანონით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამჯერად გაგცნობთ  პაციენტის უფლებების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს, რომელთა ცოდნამაც შესაძლოა დიდი დახმარება გაგიწიოთ:
  • პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
  • პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.
  • პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით; ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით; ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით; ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება; გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარული სტანდარტების შეცვლა.
  • თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო  სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
  • პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.
  • საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს  სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.
  • პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ; გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; დ)   სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ; ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა,  ალტერნატიული  ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე  მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ; თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ. ჩვენი რჩევა იქნება საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლოთ კანონით მონიჭებული ყველა უფლებით და შეამციროთ თქვენი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის რისკი.