ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები შეღავათებით ისარგებლებენ843 2013.01.14
ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები შეღავათებით ისარგებლებენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა პირებმა, რომლებზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი, ანუ სრულად არ გათავისუფლდნენ პირობითი მსჯავრისგან ან სასჯელი მოხდილი აქვთ და ამიტომ არ ეხებათ ამნისტია, მაგრამ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვთ ცალკეული უფლებები და არ გასულა ამ უფლებების ჩამორთმევის ვადა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვთ მიმართონ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც დადგენილი პროცედურით განიხილავს ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის და ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მუდმივმოქმედ კომისიას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ყაზბეგის გამზ. #42, სამინისტროს მისაღებში, სადაც ისინი შეავსებენ დადგენილი ფორმის განაცხადს, მათ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის გაუწევენ შევსებისას შესაბამის კონსულტაციას. ზემოაღნიშნულმა პირებმა თან უნდა იქონიონ განაჩენის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ (ე.წ. 40 ლარიანი დასკვნა ხუთ ქიმიურ ელემენტზე.) კომისია შესაბამისი დებულების მიხედვით პერიოდულად (როგორც წესი თვეში ერთხელ) განიხილავს შემოსულ განაცხადებს და წარმოდგენილი დოკუმენტების, დანაშაულის სიმძიმის, განმცხადებლის პიროვნების და მის შესახებ არსებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად ეცნობება განმცხადებელს და შესაბამის უწყებებს 14 სამუშაო დღის ვადაში."