უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა757 2013.01.14
უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საქმის საკასაციო წესით (შესაბამისად სააპელაციო წესით) განხილვისას სამართლებრივად შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ ბრალდებაზე უარის თქმა (საქმე №370აპ-12). პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ა. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე და მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ იმავე კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე, რაზეც სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი პროკურორმა ბრალდებაზე უარი თქვა საკასაციო პალატის სხდომაზე, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში საქმეზე არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ან შეცვლა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, პროკურორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საპროცესო კანონმდებლობის ნორმებს და პალატა მას ვერ გაიზიარებს, რის გამოც საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ამასთან, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ა. ს-ე გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.